,,სოხუმი” დუდუ დადიანის მემორიალის ფინალისტია

,,სოხუმი” დუდუ დადიანის მემორიალის ფინალისტია

დუდუ დადიანის მემორიალის პირველი ფინალისტი ცნობილია. 

 ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა “სოხუმმა” გუშინ “შსს-აკადემიას” დამარცხების შემდეგ დღეს “ქუთაისსაც” სძლია და პირველად, არსებობის მანძილზე აღნიშნული ტურნირის ფინალში გავიდა.”ა” ჯგუფში ხვალ კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, თუმცა სატურნირო თვალსარისით ამ შეხვედრას მნიშვნელობა დაკარგული აქვს- სოხუმელებისგან ძლეული “შსს-აკადემია” და “ქუთაისი” ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად ითამაშებენ.
თავად მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თანაბარი პირველი მეოთხედის (20:20) შემდეგ სოხუმელებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს. ჯოშუა ჯექსონის ორგანიზებით სოხუმელები შეტევებს ორგანიზებას უწევდნენ, პერიმეტრიდან კი გრიგოლ შვანგირაძე გამოირჩეოდა, რომელმაც 4 სამქულიანი ჩააგდო.
დიდი შესვენებისთვის კვარაცხელიას გუნდი 3 ქულით იგებდა, მესამე პერიოდში კი ლიდერობას 2 ქულაც წაამატა – 65:60. სოხუმელებმა ბოლო მეოთხედში 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და თითქოს ყველაფერი გაირკვა, მაგრამ ქუთაისელებმა ბოლომდე იბრძოლეს, რამდენიმე გარღვევა ჩააგდეს და შეხვედრის ბოლო წუთზე დავით ბარბაქაძის ზუსტი სროლის შემდეგ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს – 78:80. თამაშის დასრულებამდე 29 წამი რჩებოდა, სოხუმელებმა შეტევისთვის განკუთვნილი 24 წამი ბოლომდე გამოიყენეს, თუმც ჯექსონმა არაზუსტად ესროლა. აცილებული ბურთი ქუთაისელმა დავით ბარბაქაძემ მოხსნა, თუმცა იქვე სოხუმელმა ნიკა მეტრეველმა წაართვა და დროც ამოიწურა.
“სოხუმი” ფინალში “ოლიმპსა” და “არმიას” შორის გამარჯვებულს შეხვდება. არმიელებმა დღეს “რუსთავს” მოუგეს, თუმცა – გაჭირვებით. თავიდანვე რომ ლიდერობა მოიპოვეს, არმიელები მთელი თამაშის განმავლობაში სოლიდურად გამოიყურებოდნენ. თუმცა ბოლო მეოთხედის წინ,  როდესაც “ძალოვნები” 55:41 იგებდნენ, რუსთაველებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და გამარჯვების შანსიც მოიპოვეს.
დავით გუგავას, რევაზ ჩაჩანიძის და დავით არწივიძის შედეგიანობის წყალობით ქვემოქართლელები არმიელებს 1 ქულით მიუახლოვდნენ – 59:60. თამაშის დასრულებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა რუსთაველებმა ბურთი მოიპოვეს და წარმატებული შეტევის შემთხვევაში წინ გადიოდნენ, თუმცა არწივიძემ გარბენი გააკეთა, ხოლო გიორგი ჯგერენაიამ შეტევაში იმარჯვა, თავისიანთა აცილებული ბურთი მოხსნა და ჩააგდო – თან რუსთაველები მასზე დაჯარიმდნენ და ჯგერენაიამ არმიელთა ლიდერობა 4 ქულამდე გაზარდა – 63:59. თამაშის ბედიც აქ გაირკვა.
ხვალ, მემორიალზე 2 მატჩი გაიმართება. 15 საათზე “ქუთაისი” და “შსს-აკადემია” ითამაშებენ, ხოლო 17 საათზე მეორე ფინალისტის ვინაობა “არმიასა” და “ოლიმპის” დაპირისპირებაში გაირკვევა.
არმია – რუსთავი  63:59

ქუთაისი – სოხუმი  78:80