სუპერლიგის მე-5 ადგილისთვის მატჩში ერმანეთს „დინამო“
და „სოხუმი“ შეხვდებიან. პლეი აუტის პირველი რაუნდიდან 3 დღის წინ გასულ დინამოელებს დღეს სოხუმელებიც
შეუერთდნენ.
ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა კიდევ ერთხელ გამოავლინა მებრძოლი ხასიათი და
მიუხედავად იმისა, რომ შესუსტებული შემადგენლობით იყო, რუსთავში აგილობრივ გუნდთან
საამაყო გამარჯვება მოიპოვა.
„სოხუმს“ აკლდა
ძირითადი გამთამაშებელი ბოშკო სტოიაკოვიჩი, ხოლო რუსთაველები იმ შემადგენლობით იყვნენ,
როგორითაც ბოლო პერიოდში თამაშობდნენ. სოხუმელები არც იმან დათრგუნდა, რომ რუსთავში
თამაშობდნენ და მთელი მატჩის განმავლობაში ტოლ-სწორად ეთამაშებოდნენ მასპინძლებს. ბოლო
წუთებზე, თანაბარი ბრძოლა რომ მიმდინარეობდა, გრიგოლ შვანგირაძემ 2 სამქულიანი ჩააგდო,
სოხუმელებმა დაცვაშიც ჩინებულად ითამაშეს და საბოლოოდ – 81:77 გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო სერგო
ათუაშვილმა, რომელიც 223 სანტიმეტრისაა და სამქულიანებსაც მარჯვედ ესვრის. სერგომ რუსთაველებს
4 სამიანი ჩაუგდო, ჯამში კი 30 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. სოხუმელთა მეორე მეფარე
ვახტანგ ქადარიამ 12 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა, გრიგოლ შვანგირაძის ანგარიშზე კი
18 ქულა გახლდათ. 12 ქულით და 8 პასით სარგებლიანი იყო სოხუმელთა გამთამაშებელი რატი
ბააკაშვილიც. რუსთაველთა შორის 19 ქულით საუკეთესო იყო ლევან ცეკვავა, 16 ქულა ჰქონდა
ნეით ბოუის, ხოლო კაილ ნელსონმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.
მე-5 აგილისთვის მატჩი 11 მაისს, თბილისის სპორტის სასხლეში
გაიმართება. ხოლო მე-7 ადგილისთვის „რუსთავი“ და თსუ დაუპირისპირდებიან.
მატჩისშემდგომი
კომენტარები:
მიხეილ ბერუაშვილი,
„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:
„სათქმელი არაფერია. ყველამ კარგად დაინახა, რომ ჩვენმა
გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა და ბოლოს წყალში ჩაგვეყარა ყველაფერი. სოხუმელებმა ბოლომდე
იბრძოლეს და მოგებასაც მიაღწიეს“.
ვაჟა კვარაცხელია,
„სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი:
„ვიცოდით, რომ დაძაბული მატჩი იქნებოდა. ჩვენთვის ამ
შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, გვსურდა, დაგვემტკიცებინა, რომ მიმდინარე ჩემპიონატში
კარგი გუნდი გვყავს. ამავდროულად, ეს შეხვედრა „სოხუმის“ მოთამაშეებისთვის იმის საშუალება
იყო, რომ დაემტკიცებინათ გუნდში მათი აუცილებლობა. ჩვენ მომავალი სეზონისთვის ამბიციურ
გუნდს ვაკეთებთ, ვაპირებთ ევროპულ ტურნირზე გასვლას და შემადგენლობაც გაცილებით ძლიერი
უნდა შევარჩიოთ. ბიჭებმა თავგამოდებით იბრძოლეს და შედეგიც სახეზეა“.
რუსთავი – სოხუმი 77:81