სტატისტიკა გალერეასუპერლიგის მე-12 ტურის თბილისის თამაშები დასრულდა.
დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მესამე მატჩში ერთმანეთს ცხრილის ქვედა ნახევარში
მყოფი გუნდები – „სოხუმი“ და „ოლიმპი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სოხუმელთა გამარჯვებით
– 95:60 დაარუსლდა.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ორივე
გუნდს ჯერჯერობით მაღალი ამბიცია არ გამოუხატავს, მატჩი არათანაბარი გამოვიდა. მეტნაკლებად
ბრძოლა იყო პირველ ტაიმში, როცა სხვაობა 5-10 ქულაში მერყეობდა და პირველი პერიოდის
20:22 დასრულების შემდეგ დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 46:39 „სოხუმის“
სასარგებლოდ.
მესამე პერიოდში სოხუმელებმა უპირატესობა კვლავ გაზარდეს
– ოთარ ბულიავას, დუეინ ლათანისა და გიგა კვეტენაძის შედეგიანობით ნუგზარ ჯეიშვილისა
და ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა სოხუმელებმა მესამე პერიოდში 21:11 სძლიეს ლეონიდ
ივატინის გაწვრთნილ „ოლიმპს“ და თამაშის ბედი გადაწყვიტეს.
საბოლოოდ მატჩი სოხუმელთა 35-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა,
რაშიც ლომის წილი 30 ქულით ოთარ ბულიავამ დაიდო. 22 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა ლათანმა.
ხოლო გიგა კვეტენაძე და ოლეკსანდრ რიხლიუკი სოხუმელებს 11-11 ქულით შეეშველნენ. „ოლიმპში“
16 ქულით ბომბარდირი გახდა რევაზ როგავა. 10-10 ქულა დააგროვეს კახა ტომარაძემ და წილ
პიჩფორდმა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ნუგზარ ჭეიშვილი (სოხუმის მთავარი მწვრთნელი):
„კარგად ვითამაშეთ. გუნდი ნელ-ნელა ლაგდება და პოულობს
საკუთარ თამაშს. ჩვენი მიზანია, სახიფათო ზონას თავი დავაღწიოთ და მერე უკვე სხვა მიზნებისთვის
ვიბრძოლებთ. დღევანდელი შეხვედრა იმედისმომცემი იყო და ვნახოთ, ვეცდებით, ასე გავაგრძელოთ“.
დავით როგავა (ოლიმპის მწვრთნელი):
ძალიან ცუდი თამაში ჩავატარეთ. ცუდად გამოვიყურებოდით დაცვაშიც და თავდასხმაშიც. ეს არ არის ის, რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებთ. ძალიან დასანანია ასეთი მარცხი.