სოხუმის მორიგი გამარჯვება (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სოხუმის მორიგი გამარჯვება (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

დღევანდელი მატჩები „სოხუმისა“ და სტუ-ს დაპირისპირებით დასრულდა.
ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა  სოხუმელებმა
სტუდენტური გუნდი 79:66 დაამარცხეს და მოგებების რაოდენობით თსუ-ს გაუთანაბრდნენ.

ცოტა ხნის წინ სოხუმელები შესაძლოა ტექნიკოსებთან გაგვეტოლებინა,
მაგრამ მას შემდეგ, რაც ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა სერგო ათუაშვილი და სერბი ბოსკო სტოიაკოვიჩი
დაიმატა, რიგით აუტსაიდერად აღარ ითვლება. „სოხუმმა“ წინა ტურში რუსთავის ძლიერი გუნდი
ორ ოვერტაიმიან მატჩში დაამარცხა, დღეს კი სტუ-სთან გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია.

სოხუმელები გამარჯვებამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ. პირველი
მეოთხედი 15:10 მოიგეს, მეორე  – 21:20, ხოლო
მესამე ათწუთეულის შემდეგ უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდეს. სტუ-ელებმა ბოლო მეოთხედში
მოინდომეს და საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს. ეს იყო
ტექნიკოსების მაქსიმუმი, რადგან დარჩენილ დროში სოხუმელებმა მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს
და 13 ქულის სხვაობით – 79:66 იმარჯვეს.

სოხუმელთა შორის ბომბარდირი სერბი ლეგიონერი ბოსკო სტოიაკოვიჩი
გახდა, რომელმაც 22 ქულა დააგროვა. ორმაგი დუბლი ჰქონდა „სოხუმის“ ორ კალათბურთელს:
სერგო ათუაშვილი –  20 ქულა და 14 მოხსნა, გრიგოლ
შვანგირაძე – 20 ქულა და 12 მოხსნა. სტუ-ში 18 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა გიორგი პირველაშვილს,
ხოლო ტატო ჩაჩიბაიამ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.

მიმდინარე ტური ზეგ, 15 მარტს, რუსთავში დასრულდება,
სადაც სათამაშოდ „ქუთაისი“ ჩავა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ვაჟა კვარაცხელია(სოხუმი):
მადლობა სტუ–ს ასეთი კარგი თამაშისთვის. ეს გუნდი ჩვენთვის ძალიან უხერხული მოწინააღმდეგეა
და ვიცოდით, რომ დაძაბული თამაში იქნებოდა. გამოცდილი მოთამაშეების ხარჯზე მოვიგეთ.

გია ტეტელაშვილი(სტუ):
პირველ რიგში, მივულოცავ სოხუმს მორიგ გამარჯვებას. ჩვენმა გუნდმა მონდომებით ითამაშა,
რადგან თითქმის სრული შემადგენლობა გვყავდა. გრიგოლ შვანგირაძის 3–ქულიანებით სოხუმის
გაქცევამ პრობლემები შეგვიქმნა და თამაშის შემობრუნება ვეღარ მოვახერხეთ.

კარლ მუიჟნიექსი(სოხუმი):
 მადლობა სტუ–ს
გუნდს კარგი თამაშისთვის. ისინი ბოლო ადგილზე იმყოფებიან, თუმცა მიუხედავად ამისა ბოლომდე
იბრძოლეს. ჩვენი გუნდიდან სტოიაკოვიჩისა და შვანგირაძის კარგ თამაშს გამოვარჩევდი.

ვატო თევზაძე(სტუ):
მივულოცავ სოხუმს. გვქონდა მოგების შანსი, თუმცა რატი ბააკაშვილის 3–ქულიანი გადამწყვეტი
აღმოჩნდა და ამან მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა თამაშში.რაც შეეხება სერგო ათუაშვილს,
ჩემი აზრით, საქართველოში ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრია და გუნდისთვის სერიოზულ ძალას
წარმოადგენს.
სოხუმი – სტუ 79:66

სამედიცინო – ბათუმი 73:81
ოლიმპი – დინამო 92:82

არმია – თსუ  109:45