სოხუმმა ბათუმი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სოხუმმა ბათუმი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა 
 VIDEO 

 
გუშინ ქუთაისსა
და რუსთავში დაწყებული სუპერლიგის მე-13 ტური დღეს თბილისში გრძელდება. სპორტის სასახლემ
უკვე უმასპინძლა ერთ მატჩს, რომელშიც ერთმანეთს „სოხუმი“ და „ბათუმი“ დაუპირისპირდნენ.

„ბათუმს“ 3 ამერიკელი
ლეგიონერი ჰყავს, ამ გუნდს დიდი პოტენციალი გააჩნია და რამდენიმე ძლიერ მეტოქესაც სძლია,
თუმცა ზღვისპირელებს სტაბილურობა აკლიათ. მას შემდეგ, რაც გუნდი გასულ თვეში დავით
უსტიაშვილმა ჩაიბარა, ბათუმელებმა ქუთაისში იმარჯვეს და შინ „შსს-აკადემიას“ მოუგეს,
თუმცა აუტსაიდერებთანაც დამარცხდნენ.

„ბათუმმა“ 3 კვირის
წინ შინ ბოლო ადგილზე მყოფ „მგზავრები-არმიასთან“ წააგო, დღეს კი კიდევ ერთ აუტსაიდერთან
დათმო შეხვედრა. სოხუმელებმა იბრძოლეს, ბოლომდე დაუდგნენ ცხრილში შედარებით  მაღლა მყოფ ბათუმელებს და გამარჯვებას მიაღწიეს
– 87:84. მატჩის ბედი ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო. მასპინძლებმა უფრო მობილიზებულად
ჩაატარეს დასკვნითი, გადამწყვეტი ეპიზოდი და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

სოხუმელებს
19 ქულითა და 20 მოხსნით ბექა ბექაურმა ულიდერა. 19 ქულა დააგროვა გიორგი ჯგერენაიამაც,
ხოლო ირაკლი ჩლაიძემ და პელე პეილეიმ 17-17 ქულა მიითვალეს. „ბათუმში“ ტრადიცულად ბიჯეი
იანგი გამოირჩა, რომელმაც თავი 32 ქულას მოუყარა. 15-15 ქულით დაასრულეს შეხვედრა კრის
ფელჩერმა და ნიკ კელოგმა.

მე-13 ტურის ბოლო
მატჩში ერთმანეთს სუპერლიგის ლიდერები – „დინამო“ და „შსს-აკადემია“ შეხვდებიან.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
მადლობა ბათუმის გუნდს კარგი თამაშისთვის, ფავორიტად ითვლებოდნენ, თუმცა ყველაფერი
გავაკეთეთ, რომ მოგვეგო თამაში. მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, ყველა დავალება შეასრულეს
და ბოლომდე იბრძოლეს გამარჯვებისთვის.

დავით უსტიაშვილი(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
ვულოცავ ,,სოხუმს’’ გამარჯვებას, დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. სამწუხაროდ,
მესამე თამასი წავაგეთ ბოლო წუთებზე, ,,მგზავრებთან’’, ,,რუსთავთან’’, დღეს ,,სოხუმთან’’
– ყველაფერს, ფაქტობრივად, ერთი ბურთი წყვეტდა. ბევრი შეცდომა დავუშვით, 87 ქულა მივიღეთ,
რაც დაცვაში ხარვეზებზე მეტყველებს. ბევრი 3-ქულიანი ვასროლინეთ და ჩავაგდებინეთ მეტოქეს
და ეს ვერ გავაკონტროლეთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ მეტოქეს, ჩვენ კი ვიმუშავებთ შეცდომების
გამოსწორებაზე.

გიორგი ჯგერენაია(,,სოხუმი’’): პირველ რიგში,
მადლობა ,,ბათუმს’’. ფავორიტები იყვნენ, თუმცა მიხარია, რომ მოვახერხეთ თამაშის ჩვენს
სასარგებლოდ დამთავრება. მიუხედავად ცუდი სტარტისა, ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ და
იმედია, პლეი ოფებს სათანადოდ მომზადებულები შევხვდებით.

ნოდარ თენიეშვილი(,,ბათუმი’’): მინდა მადლობა
გადავუხადო ,,სოხუმს’’ კარგი თამაშისთვის და მივულოცო გამარჯვება. ძალიან ბევრი შეცდომა
გვქონდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ამ ყველაფერზე ვიმუშავებთ და იმედია, გამოვასწორებთ.
,,ოლიმპთან’’ თამაშამდე თითქმის 1 თვე გვაქვს, ეს საკმაო დროა, რომ კარგად მოვემზადოთ.