სტატისტიკა გალერეასუპერლიგის მე-15 ტურის მორიგი მატჩი დაძაბული გამოდგა,
რომლის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. ერთმანეთს შეხვდნენ ოთხეულში გასვლის პრეტედენტები
– „რუსტავი“ და „სოხუმი“.
ორივე გუნდმა ბოლო დღეებში შევსება მიიღო. რუსთაველებმა
ამერიკელი ლეგიონერი – მორის ბრიგსი დაიმატეს, ხოლო „სოხუმმა“ – უკრაინელი მთავარი
მწვრთნელი, ვიტალი ჩერნიი და ამერიკელი უკანახაზელი რობერტ ვუდსონი. მატჩი მთლიანობაში
თანაბარი გამოვიდა, თუმცა პირველ პერიოდში სოხუმელებს ხელჩასაჭიდი უპირატესობა ჰქონდათ,
რომელიც მეორეში „სოხუმმა“ გააბათილა და თამაშის ბოლომდე თანაბარი ორთაბრძოლა გაჩაღდა.
დიდ შესვენებაზე „რუსთავი“ 42:40 იგებდა, თუმცა დუეინ
ლათანისა და დავით ბარბაქაძის შედეგიანობით „სოხუმმა“ ათწუთეული 23:14 მოიგო და გადამწყვეტი
პერიოდის წინ 7 ქულით დაწინაურდა. „რუსთავი“
არ დანებდა, ბოლომდე იბრძოლა და ქეისი კასპერბაუერის სამქულიანების წყალობით მატჩის
ბოლო წუთზე ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა და ამასთან, ბურთის ფლობის უფლებაც მოიპოვა.
გადამწყვეტ შეტევაში ფარისკენ წასულ ჩარლი ლის სოხუმელმა მცველებმა დაუფარეს, „სოხუმელმა“
დავით ბარბაქაძემ კი საფინალო სირენის თანხლებით სამქულიანი ჩააგდო და საბოლოო ანგარიში
დააფიქსირა – 80:76.
„სოხუმში“ 21 ქულით ბომბარდირი ლათანი გახდა. 17 ქულა
მიითვალა ალექსანდრ ტიშჩენკომ, ოთარ ბულიავას ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა. „რუსთავში“
18 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო იყო სერგო ათუაშვილი. 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა
მორის ბრიგსმა. 14 ქულა ჩარლი ლის ანგარიშზეა.
„სოხუმისთვის“ ეს იყო სუპერლიგაში მოპოვებული მე-7 გამარჯვება,
რისი წყალობითაც ვიტალი ჩერნიის გაწვრთნილმა გუნდმა ცხრილში მე-4 ადგილზე აინაცვლა.
„რუსთავი“ მესამე ადგილზე იმყოფება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვიტალი ჩერნიი (სოხუმის მთავარი მწვრთნელი):
„მატჩის წინ ვამბობდი, რომ რთული თამაში იქნებოდა. არა
აქვს მნიშვნელობა, რომ ეს იყო ჩემი პირველი მატჩი გუნდში. მთავარია, რომ ის მოთხოვნები,
რომელსაც მე კალათბურთელებს ვუყენებ, ისინი ასრულებენ და მე მათი მადლობელი ვარ. მე
მჯერა, რომ ჩვენ კიდევ მოვუმატებთ. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს ქომაგებს, რომლებიც
აქტიურად გვქომაგობდნენ. ბიჭები თამაშობდნენ როგორც თავისთვის და გუნდისთის, ისე ქომაგებისთვის
და გიორგი ჯგერანაიასთვის, რომელმაც თამაშამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო და ვერ დაგვეხმარა.
გამარჯვებით გახარებული ვარ, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა“.
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი):
„მე ბევრს არაფერს ვიტყვი. დღეს მსაჯებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ თამაში წაგვეგო. შეხედეთ სტატისტიკას, თვალი გადაავლეთ ჯარიმების რაოდენობას.“