სტატისტიკა
გალერეასუპერლიგის მე-11 ტური, რომელიც გუშინ ბათუმში დაიწყო,
დღეს თბილისში გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 3 მატჩიდან 1 (ოლიმპი – ქუთაისი)
გადაიდო, ხოლო პირველ მატჩში ერთმანეთს „კაკტუსი“ და „სოხუმი“ დაუპირისპირდნენ.
კაკტუსელებმა მიმდინარე სეზონში უკვე 5 მოგების მოპოვება
მოახერხეს, საიდანაც ბოლო მატჩი ბათუმში მოიგეს. რაც შეეხებათ სოხუმელებს, ნუგზარ ჭეიშვილისა
და ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილ გუნდს მიმდინარე სუპერლიგაში ამ ტურამდე მხოლოდ 2 მოგება
ჰქონდა და „კაკტუსთან“ დაპირისპირებას საკმაოდ დიდი მნიშვნელობაც ჰქონდა.
სოხუმელებმა შესანიშნავად ჩაატარეს მატჩი და საბოლოოდ
დამსახურებულად გაიმარჯვეს. პირველი პერიოდი ჭეიშვილის გუნდმა 31:15 მოუგო არჩილ ჟღენტის
გაწვრთნილ „კაკტუსს“, ხოლო მეორე ათწუთეული ფრედ – 21:21 დასრულდა და დიდ შესვენებაზე
„სოხუმი“ 16 ქულით იგებდა. მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. სოხუმელებმა „კაკტუსს“
თამაშის შემობრუნება არ დაანებეს და კარგი დაცვისა და მწყობრი შეტევის შედეგად დამსახურებული
გამარჯვება მოიპოვეს – 99:82.
სოხუმელთაგან 26 ქულით ბომბარდირი ოთარ ბულიავა გახდა.
23 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა ოლექსანდრ ტიშჩენკომ, ხოლო ვეიდ ლათანმა გამარჯვებულებს
14 ქულა შესძინა. „კაკტუსში“ საუკეთესო იყო
დავით ლომიძე, რომელმაც 9 ზუსტი სამქულიანით
მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა. მთლიანობაში ლომიძემ 32 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. 18 ქულა
დაგროვდა ტაილერ უაიტის ანგარიშზე.
მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი):
– ჩვენი გუნდი სუპერლიგის დებიუტანტია, რაც იმას ნიშნავს,
რომ შეგვიძლია ნებისმიერ გუნდს მოვუგოთ, ანაც ნებისმიერთან დავმარცხდეთ. დღევანდელ
მატჩში 82 ქულა ჩავაგდეთ, რაც ზოგადად არაა ცოტა, მაგრამ დაცვაში ვერ ვითამაშეთ კარგად
და დავმარცხდით. ამ წუთიდან მომავალ მატჩზე ვფიქრობთ და მის მოსაგებად ყველანაირად
მოვემზადებით.
ნუგზარ ჭეიშვილი (სოხუმის მთავარი მწვრთნელი):
– თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სულ რაღაც 1 კვირის განმავლობაში 4 თამაში ჩავატარეთ, ვიტყვი რომ კმაყოფილი ვარ. ისეთი გუნდის დამარცხება როგორიც კაკტუსია, ნამდვილად არ არის იოლი. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შევასრულეთ ის დავალება, რომელიც დასახული გვქონდა ვარჯიშებზე და გადმოვიტანეთ მოედანზე. ვულოცავ ჩემს გუნდს და მგონი უკვე დროა, რომ მეტი თამაში მოვიგოთ, ვიდრე წავაგოთ.