სოხუმმა ტური აკადემიის ძლევით დახურა

სოხუმმა ტური აკადემიის ძლევით დახურა

 სტატისტიკა
 გალერეა სუპერლიგის მე-17 ტური „სოხუმის“ იოლი გამარჯვებით დასრულდა,
რომელმაც ბოლო ადგილზე მყოფ „აკადემიას“ 89:74 მოუგო. ამ წაგებით აკადემიელებმა, რომლებმაც
ცოტა ხნის წინ შემადგენლობა 2 ამერიკელი ლეგიონერით გაიძლიერეს, სხვა გუნდებთან მიმართებაში
გვარიანად უკან დაიხიეს და დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, სუპერლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნონ.

აკადემიელები მატჩის დებიუტში 8:0 დაწინაურდნენ, თუმცა
სოხუმელებმა ნელ-ნელა თამაში დაალაგეს და გააზრებული შეტევებით ანგარიში ჯერ შეამცირეს,
მეორე პერიოდიდან კი ლიდერობის განმტკიცებას შეუდგნენ. სწრაფად და რაც მთავარია, შედეგიანად
ირჯებოდა „სოხუმის“ ამერიკელი უკანახაზელი ფილიპ მილერი, რომელიც თავადაც უხვად იხვეჭდა
ქულებს და პასებსაც გამოზომილად არიგებდა. წინა ხაზში ვაჟა კვარაცხელიას გუნდს ტანმაღალი
სერგო ათუაშვილის და გიორგი ჯგერენაიას ეიმედებოდა, ეროვნული ნაკრების წევრი ლევან
ფაცაცია კი წინა და უკანა ხაზის საიმედო შემაერთებელი იყო და არც საშუალო მანძილებიდან
აცილებდა ხშირად მიზანს.

დიდი შესვენებისთვის „სოხუმი“ 42:34 იგებდა და ანგარიშში
დაახლოებით ეს სხვაობა იყო ბოლო პერიოდის დასაწყისში, თუმცა „აკადემიას“ დაცვა მოიშალა,
სოხუმელებმა გაქცევა მოაწყვეს და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მათი ლიდერობა
20 ქულას ასცდა. თამაშმა აზრი დაკარგა და ორივე გუნდის მწვრთნელებმა მოედანზე სათადარიგოებს
უხმეს.

„სოხუმში“ 22 ქულით ბომბარდირი გახდა ფილიპ მილერი,
15 ქულა და 14 მოხსნა სერგო ათუაშვილმა მიითვალა, ლევან ფაცაციას ანგარიშზე კი 13 ქულა
დაგროვდა. 19 ქულით „აკადემიაში“ საუკეთესო იყო ჯეიარ სთროუბრიჯი, ხოლო კრის ფელჩერმა
12 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა.
  
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ტომარაძე, („აკადემიის“ მწვრთნელი): მივულოცავ პირველ რიგში „სოხუმს“ გამარჯვებას, ის სუპერლიგის ერთერთი-ფავორიტი, ღირსეული და სიმპატიური გუნდია. 3 შეხვედრა ჩავატარეთ უკვე ამ სეზონზე და სამივეში იოლად დაგვამარცხეს. სხვა გუნდებს საკმაო წინაააღმდეგობას ვუწევდით, სოხუმი კი უკომპრომისოა ხოლმე ჩვენთან თამაშის დროს. ჩვენ გუნდს რაც შეეხება მძიმე სიტუაციაშია, ალბათ რადიკალური ნაბიჯების გადადგმაც მოგვიწევს როგორც მწვრთნელებს, ასევე მოთამაშეებს. არ იქნება მარტო რომ მოთამაშეებს დავაბრალოთ, გუნდი ერთი მთლიანი ორგანიზმია. სპორტის მთელი ხიბლი იმაშია, რომ რაც უფრო გამოუვალ მდგომარეობაში ხარ, მით უფრო გიჩნდება მონდომება და სურვილი შენკენ შემოატრიალო მოვლენები. შეგვიძლია გამოსწორება, გამოუსწორებელი და ბოლომდე დაკარგული არაფერია. აღარ ვისაუბრებ იმაზე, რომ სეზონის დაწყებამდე ძალიან სწრაფად მოგვიწია შეკრება. ამ მონდომებას და სურვილს ჩვენ შედეგში გადავიყვანთ.
ვაჟა კვარაცხელია, („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): აკადემიიასთან“ ორი თამაში გვქონდა უკვე მოგებული, აქედან გამომდინარე ფსიქოლოგიური უპირატესობა გვქონდა. მაინც მოველოდი, რომ დაძაბული ბრძოლა გვექნებოდა, რადგან მათ ახალი კარგი ლეგიონერები დაიმატეს. ჩვენ მოგებისთვის ვიყავით განწყობილი და ასეც მოხდა. ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე ქუთაისია და მასთან სათამაშოდ მოვემზადებით.

სუპერლიგის მორიგი ტური ბათუმსა
და თბილისში,  19 და 20 თებერვალს გაიმართება.