სოხუმს გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა, შსს ისევ ლიდერია (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სოხუმს გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა, შსს ისევ ლიდერია (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

„შსს-აკადემია“ „სოხუმი“ 59:56. შედეგი იმაზე მიანიშნებს,
რომ სუპერლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ლიდერ გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.

 მეტიც: სოხუმელებს მოგებამდე ერთი შედეგიანი შეტევა დააკლდათ.
ძნელი სათქმელია, ერთმა მოთამაშემ „სოხუმს“ იმხელა ძალა
შემატა, რომ თასის გათამაშების ტრიუმფატორ შსს-ს ტოლსწორად ეთამაშა. არადა, ვაჟა კვარაცხელიას
გუნდს წინა შეხვედრისგან განსხვავებით მხოლოდ 1 ახალი კალათბურთელი ჰყავდა – სერბი
ლეგიონერი ბოშკო სტოიაკოვიჩი. ბალკანელი უკანახაზელი მართლაც კარგი მოთამაშეა, მაგრამ
„სოხუმმა“ რომ მძლავრი მატჩი ჩაატარა, გუნდური თამაშის დამსახურებაა.

პირველივე წუთებიდან თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. სოხუმელები
ტოლს არაფერში უდებდნენ მეტოქეს და წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდნენ. მესამე მეოთხედში
კვარაცხელიას გუნდი მეტოქეს წამოეწია და ამის შემდეგ თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. შეხვედრის
ბოლო წუთებამდე ბრძოლა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე
კირკ არჩიბექის ორქულიანის შემდეგ „შსს-აკადემია“ 57:53 დაწინაურდა, რასაც ირაკლი ჩლაიძემ
3-ქულიანით უმასუხა და სოხუმელთა ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა.

მომდევნო შეტევაში შსს-ელებმა ბურთი დაკარგეს და სოხუმელებს
შესატევად 15 წამი დარჩათ. შეტევა რომ შედეგიანად დაესრულებინათ, სოხუმელები გამარჯვებას
თითქმის გაინაღდებდნენ, თუმცა სტოიაკოვიჩის პასი აკადემიელთა გამთამაშებელმა დენოთა
ვონმა ჩაჭრა და კირკ არჩიბექმა შსს-ს გამარჯვების ბურთი მოხდენილად ჩატენა.

გამარჯვებულებს 13 ქულითა და 10 მოხსნით სწორედ არჩიბექმა
ულიდერა. შსს-ელთაგან 10-ქულიანი ზღვარი კიდევ ოთხმა კალათბურთელმა დაძლია. რაც შეეხებათ
სოხუმელებს, საუკეთესო სერგო ათუაშვილი გახლდათ, რომელმაც 20 ქულასთან ერთად 14 მოხსნაც
მიითვალა. ახალწვეულმა ბოშკო სტოიაკოვიჩმა შეხვედრა 13 ქულითა და 5 პასით დაასრულა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გეორგის კეცელიდისი(შსს
აკადემია): ძალიან რთული თამაში მოვიგეთ. გამარჯვება დაცვაში კარგი
თამაშის ხარჯზე მოვიპოვეთ, შეტევაში კი ბევრი ხარვეზი გვქონდა. სოხუმი ახალგაზრდა გუნდია  და მისი ასპარეზობა ძალინ მომწონს. წარმატებას ვუსურვებ
მომავალში.  საინტერესოა რატომ გვექმნება სოხუმთან
ყველა მატჩში  პრობლემა.  ჩვენ ახლა 
საქართველოს თასის მფლობელები ვართ, შესაბამისად მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება
და  ბევრად უფრო კარგი თამაში მოგვეთხოვება.

 ვაჟა 
კვარაცხელია (სოხუმი): ვულოცავ მეტოქე დღევანდელ გამარჯვებას, შსს აკადემია  მართლაც ბრწყინვალე გუნდია. შარშან პლეი ოფში ორჯერ
ვეთამაშეთ ამ გუნდს  და გამარჯვება მოვიპოვეთ.
ალბათ ამ ფსიქოლოგიური უპირატესობის დამსახურებაა ის რომ  შსს აკადემიასთან ყოველთვის კარგად  ვასპარეზობთ.  

აკაკი ლომოური
(შსს აკადემია): მივულოცავ ,,სოხუმს“  წარმატებულ თამაშს, რაც შეგვეხება  ჩვენ, მიხარია რომ  ამ გუნდში ვარ. აქ ყველას ჩვენი  ადგილო და როლი გვაქვს და მაქსიმალურად ვიხარჯებით.

ბოსკო სტოიაკოვიჩი
(სოხუმი):  ორი დღეა რაც  თბილისში ვიმყოფები. გუნდთან ერთად პირველად გუშინ
ვივარჯიშე. მიუხედავად მარცხისა,  დღევანდელი
მატჩით კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერ გუნდს ვეთამაშეთ. თანდათან
კიდევ უფრო შევთამაშდები გუნდთან და მომავალ მატჩებში უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ. 

სოხუმი – შსს აკადემია 56:59

 
დინამო – ბათუმი  72:48