სუპერლიგა “სამართლიანი თამაშის” პრინციპებს შეურთდა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია აქტიურად
მუშაობს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სპორტული ნორმის – „სამართლიანი თამაშის“
– პრინციპების ქართულ კალათბურთში განსავრცობად. სამართლიანი თამაშის პრინციპებს უერთდება
სუპერლიგის უკლებლივ ყველა კლუბი.

ნახევარფინალური სერიის დღეს გამართული მატჩების წინ,
მასპინძელი გუნდების მოთამაშეებმა – არმიელმა მიხეილ ბერიშვილმა და დინამოელმა გიორგი
გამყრელიძემ თავიაანთი გუნდის პოზიცია საჯაროდ დააფიქსირეს:

„ჩვენი კლუბი უერთდება საყოველთაოდ აღიარებულ სპორტულ
პრინციპს სამართლიანი თამაშის შესახებ. გუნდი და ხელმძღვანელობა სრულად ვიზიარებთ და
ვიცავთ მოედანზე და მის გარეთ იმ ეთიკის წესებს, რაც გამოიხატება მოწინააღმდეგე გუნდის
წევრების, მსაჯების, მატჩის მომსახურე პერსონალისა და მაყურებლების პატივისცემაში.
გუნდი გმობს ყოველგვარი ძალისა და ცინიზმის გამოვლინებას. ჩვენ ვემხრობით იმ პრინციპებს,
რაც სამართლიანი, აზარტული და საზოგადოებისთვის მისაღები სპორტული ასპარეზობების გამართვის
გარანტია. ჩვენ გვჯერა, რომ ანალოგიურად არიან განწყობილნი საკალათბურთო სუპერლიგის
სხვა გუნდებიც, რაც ეროვნული ჩემპიონატის მშვიდობიან და ჯანსაღ ატმოსფეროში ჩატარებას
უზრუნველჰყოფს”.