თსუ და “ენერჯი” დაწინაურდნენ

თსუ და “ენერჯი” დაწინაურდნენ

დღეს თბილისსა და რუსთავში სუპერლიგის ნახევარფინალური სერიები
დაიწყო. სტუდენტურ დერბიში სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 90:81 მოუგო „აგრარულ
უნივერსიტეტს“, რუსთავში კი „ენერჯი ინვესტმა“ დაძაბულ ბრძოლაში სძლია შსს–ს.

თსუ–სა და სსაუ–ს დაპირისპირება საკმაოდ თვალსასეიროდ დაიწყო. სრაფ და
დაძაბულ თამაშში გუნდები მორიგეობით იხვეჭდნენ ქულებს და პირველ მეოთხედში საკმაოდ
დიდი ანგარიში დაფიქსირდა – 30:24 თსუ–ს სასარგებლოდ.

ნუგზარ ჭეიშვილის გუნდი რომ თავიდანვე დაწინაურდა, ძირითადად ირაკლი
კეიდიას დამსახურება იყო, რომელიც უხვად იხვეჭდა ქულებს. მას დავით ბარბაქაძე
ეხმარებოდა, ორივე ამათ კი გიორგი გაფრინდაშვილი ამარაგებდა პასებით.

თსუ–ს მხარში ედგა საკმაოდ კარგად ორგანიზებული ფან–კლუბი, რომლებიც
დასარტყამი და ჩასაბერი ინსტრუმენტებით იყვნენ „შეიარაღებულნი“ და თავიანთ გუნდს
ამხნევებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ პირველი პრეცედენტი სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის ისტორიაში, როცა საკალათბურთო კლუბმა საკუთარი, ორგანიზებული ფან–კლუბი ჩამოაყალიბა. 

აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა მეორე მეოთხედში თამაში გამოასწორა. შეცვლაზე
შემოსულმა თორნიკე ნინიაშვილმა სამიზნე გაისწორა და ბურთს ბურთზე ადგებდა.
ანგარიშიც გათანაბრდა და თამაში ასე ქულაქულაში გაგრძელდა მესამე მეოთხედის
ბოლომდე. აღნიშნულ მონაკვეთში კი თსუ–ელებმა იძალეს. შეცვლაზე შესულმა ვახტანგ
მინაშვილმა ფარქვეშ იყოჩაღა, მას თავისიანებიც შეეშველენ და გადამწყვეტი მეოთხედის
წინ თსუ 70:63 გალიდერდა. ბოლო ათწუთეულში თსუ–მ კიდევ უფროო განიმტკიცა ლიდერობა
და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.

რუსთავულ მატჩს რაც შეეხება, ის უფრო ემოციებით დატვირთული იყო.
რუსთავში თბილისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თავიანთი გუნდის
საქომაგოდ ჩავიდნენ, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს შსს–ს.

თავდაპირველად თბილისელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. ისინი
19:11 დაწინაურდნენ, თუმცა მეორე მეოთხედში მასპინძლებმა მწყობრი დაცვის წყალობით
თამაში გამოასწორეს და პირველი ტაიმი 46:36 მოიგეს.

ამის შემდეგ შსს–მ დაიწყო ანგარიშის გაბათილებაზე აზრუნვა, თუმცა
რუსთაველები მოპოვებულ უპირატესობას ინარჩუნებდნენ. მაქსიმუმი, რასაც თბილისელებმა
მიაღწიეს, ანგარიშის სამ ქულამდე შემცირება იყო.

ნახევარფინალური სერიის მომდევნო მატჩები 27 აპრილს გაიმართება.