სუპერლიგის ნახევარფინალში გუშინ გასულ ქუთაისს დღეს თსუ და გურჯაანის დელტაც შეუერთდნენ. ორივე ეს გუნდი მეოთხედფინალურ სერიებში 2:1 ლიდერობდნენ და მესამე გამარჯვებით სერია დახურეს.
თბილისი არენაზე თსუ-მ რაშს იოლად მოუგო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა პირველი პერიოდი 29:20 მოიგეს, რის შემდეგაც უპირატესობას ზრდიდნენ. რაში მებრძოლი გუნდია, რაც გასული სეზონის განმავლობაში ჯერ სუპერლიგაში დარჩენით, შემდეგ პლეი ოფში გასვლით დაამტკიცა. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პლეი ოფში ფავორიტ თსუ-ს სერიაში ერთი მატჩიც მოუგო და დანარჩენისთვის ძალები აღარ გასწვდა. მით უფრო, გუნდს წინა მატჩში მიღებული ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვახანია გამოაკლდა.
თსუ ფლობდა უპირატესობას და თამაშის მსვლელობაც ისეთი იყო, რაში მატჩის შემომტრიალებელს არ ჰგავდა. უნივერსიტეტელებმა მეორე პერიოდიც მოიგეს, მესამეც და ბოლოც სათავისო ანგარიშით დაამთავრეს. საბოლოოდ თსუ-მ 102:76 (სტატისტიკა) იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო დევონტრე ტომასი, რომელმაც 18 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 15-15 ქულა დააგროვეს გიორგი ცინცაძემ და ვილი ისიანმა. 13 ქულა დაგროვდა ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე. რაშის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ლუკა ლურსმანაშვილი იყო 20 ქულით. 19 ქულა დაგროვდა ლაშა მიქელაძის ანგარიშზე.
ნახევარფინალში გასულ თსუ-ს მოგვიანებით დელტა შეუერთდა, რომელმაც გურჯაანში ვსა დაძაბულ ბრძოლაში მაინც გატეხა – 84:71 (სტატისტიკა). თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდს აკლდა სასტარტო ხუთეული მოთამაშაშე – ვსა-ს დავით კაკუშაძე, ხოლო გურჯაანს დანია კინგსბი, რომელმაც წინა შეხვედრაში ტრავმა მიიღო.
გურჯაანელები თავიდანვე გალიდერდნენ და პირველი პერიოდი 15:10 მოიგეს. მეორე ათწუთეულში ვსა-მ მოახერხა ჩამორჩენის შემცირება. დიდი შესვენებისთვის მასპინძლები ქულას იგებდნენ, მესამე პერიოდიდან კი საქმეში შორი არტილერია ჩართეს – რიკარდო ლინჩმა ზედიზედ ჩააგდო შორი სროლები და დელტამ ისევ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა. მასპინძლები მჭიდრო დაცვას თამაშობდნენ, რაც გახდა კიდეც გამარჯვების მიზეზი. ვსა-ს მთავარმა ლიდერმა, ჯერმეინ ჰედმა პირველი ქულები ბოლო პერიოდში ჩააგდო, ხოლო ჰავიერ ჰილ-მეისი 5 პერსონალურის გამო ბოლო პერიოდის შუაწელში გავარდა.
თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. გამარჯვებულთაგან გეგი ბაქრაძემ 13 ქულა, 14 მოხსნა, 5 დაფარება და 3 პასი მიითვალა. რიკარდო ლინჩის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა. საბა ლობჯანიძემ 13 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. ვსა-ში საუკეთესო შედეგი ჰქონდა შაქუან ჯულსს – 22 ქულა და 7 მოხსნა.
დღეს ნახევარფინალში გასული გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან. თსუ-სა და გურჯაანის დელტას დაპირისპირება 3 მოგებამდე იქნება და სერია 7 მაისს დაიწყება.