სუპერლიგის პირველი წრის გამარჯვებული, სხვა სიტყვებით, ზამთრის ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდია.ლექსო ლაფანაშვილის, ნიკა მსხალაიას და დიმიტრი ჭელიძის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა დღეს, ბათუმში ადგილობრივი გუნდი ოვერტაიმში დამარცხეს და პირველი წრის ბოლომდე მიუწვდომლები გახდნენ. თსუ-მ დარჩენილი, გამოტოვებული მატჩი გორის ივერიონთან რომც წააგოს, ახალ წელს მაინც პირველ ადგილზე შეხვდება.
ოვერტაიმში გამარჯვება თავისთავად მიანიშნებს, რომ თამაში დაძაბული იყო, თუმცა ეს გახლდათ მატჩი, რომლის დარი სცენარი საქართველოს ჩემპიონატში ალბათ ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელად თუ გათამაშდებოდა. თავად განსაჯეთ: ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთი რჩებოდა, ბათუმი 7 ქულას (75:68) იგებდა და გუნდის ლიდერი, რევაზ როგავა საჯარიმოს ხაზზე იდგა. ბათუმელ გამთამაშებელს ორივე სროლა რომ ჩაეგდო, ყველაფერს წერილს დაუსვამდა, მაგრამ ორივე ააცილა და ამაში საგანგაშო თითოს არც არაფერი იყო, მაგრამ ჯერ სად ხარ…
თსუ-ს ამერიკელმა ლეგიონერმა, ცაცია კამერონ კრენსტონმა, რომელსაც მანამდე ოთხივე სამიანი აცილებული ჰქონდა, სწრაფი სამქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა. ბათუმელთა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა წუთშესვენება აიღო და თავისიანებს დავალება მისცა, რომელიც მოთამაშეებმა ვერ შეასრულეს. უფრო ზუსტად, ოთარ ბულიავა ბურთს ვერ გაუფრთხილდა, ჩაჩანიძეს გაუმართლებელი, მოედნის ერთი მხარიდან მეორე მხარეზე გრძელი პასი გადააწოდა, მაგრამ ძალის მოზომვა არ გამოუვიდა და ბურთი გადავიდა.
თსუ-მ შეუტია, ტაირი ბოიკინმა პერიმეტრზე ჩასაფრებული კრენსტონი მოძებნა, რომელმაც მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 35 წამით ადრე მორიგი ზუსტი სამქულიანით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 74:75. თბილისელთა მჭიდრო დაცვის ფონზე ბათუმელები აიჭრნენ, ბურთის გაკონტროლება და შეტევის ორგანიზება უჭირდათ, თუმცა მხსნელად ჯარიმა მოევლინათ, რომელიც თსუ-ელებმა რევაზ ჩაჩანიძეზე აიღეს. ჩაჩანიძემ პირველი სროლა ააცილა, მეორე ჩააგდო და ბათუმი 2 ქულით გალიდერდა, რაც ცივსისხლიანი სროლით გააბათილა ტაირი ბოიკინმა, რომელმაც საჯარიმოს ხაზსა და სამქულიანი ნიშნულს შორიდან ზუსტად ესროლა – 76:76. ბათუმს მოსაგებად ბოლო შეტევაში 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ლუკა კალატოზიშვილმა საჯარიმოში ბურთი დაკარგა და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.
დიდი ლიდერობის განიავებამ გუნდი ფსიქოლოგიურად გატეხაო, რომ იტყვიან, დღევანდელ ბათუმზეა ნათქვამი. ოვერტაიმში მასპინძლებს შანსი აღარ ჰქონიათ: თსუ-მ პირწმინდად დაჯაბნა ზღვისპირელები და საბოლოოდ 9 ქულით – 91:82 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. და ეს ყველაფერი თსუ-მ მოახერხა 2 მთავარი ლიდერის – გიორგი ცინცაძისა და კახა ჯინჭარაძის გარეშე, რომლებიც ტრავმების გამო თბილისში დარჩნენ. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ თსუ-მ სენსაცია მოახდინა.
მატჩის გმირი არა ძირითადის ბოლო წუთზე 2 სამიანის ჩამგდები კრენსტონი, არა 25 ქულისა და 14 მოხსნის მომგროვებელი ალექსანდრე ფევაძე, ან რომელიმე თსუ-ელი, არამედ ბათუმურ მატჩში მონაწილე უნივერსიტეტის გუნდის თითოეული წევრია, რომლებიც წამყვანი მოთამაშეების გარეშე მთელი მატჩის განმავლობაში აგებდნენ, მაგრამ თამაში ბოლო ერთ წუთში, ერთიანი ძალებით შემოატრიალეს.
სტატისტიკური ლიდერი ფევაძე გახლდათ, რომელმაც 25 ქულასა და 14 მოხსნასთან ერთად 6 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ტაირი ბოიკინმა 21 ქულა დააგროვა, ნიკა ჩეჩელაშვილის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. ბათუმში რევაზ როგავა იყო საუკეთესო, რომელმაც 26 ქულით კი მიითვალა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, როგორც ზემოთ აღნიშნეთ, საჯარიმოს ხაზიდან არ გაუმართლა. 20 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა კალატოზიშვილს.
ეს გახლდათ სუპერლიგის პირველი წრის ბოლო, მე-11 ტურის პირველი მატჩი. ტურის დარჩენილი შეხვედრები შაბათს და კვირას გაიმართება. წრე დასრულდება 28 დეკემბერს, თსუ-სა და გორის ივერიონის 1 ტურის გადადებული მატჩით.
მატჩის სრული ვიდეორეპორტაჟი