სუპერლიგის ლიდერმა თსუ-მ ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა მოქმედი ჩემპიონი “რუსთავი” 78:73 (სტატისტიკა) დაამარცხა. ამ მატჩში ლიდერი ერთადერთხელ, შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე შეიცვალა. ეს კი ნიშნავს, რომ თსუ მთელი თამაშის მანძილზე აგებდა. მესამე პერიოდში 12 ქულითაც ჩამორჩებოდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში უნივერსიტეტელებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და გამარჯვება იზეიმეს.
რუსთაველებმა პირველივე წამებზე რომ მოიპოვეს ლიდერობა, მთელი შეხვედრა წინ იყვნენ. თსუ-ს შორი სროლები არ მისდიოდა, ვერც სისწრაფეში აჯობა მეტოქეს და შედეგად ქვემოქართლელთა უპირატესობა აშკარა იყო. პირველი პერიოდი რუსთაველებმა 22:15 მოიგეს, მეორეში კი 22:18 იძალეს და დიდ შესვენებაზე 11 ქულით – 44:33 გალიდერდნენ. მესამე პერიოდში მოედანზე ვითარება არ შეცვლილა. ქვემოქართლელთა ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა, თუმცა თსუ არ გატყდა. უნივერსიტეტელთა მიერ ზედიზედ მოპოვებული ქულების შემდეგ რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ წუთშესვენება აიღო, თუმცა მეტოქე მხოლოდ დროებით შეაჩერა.
ბოლო პერიოდის წინ სტუმრები 6 ქულით იგებდნენ და დაახლოებით ამ სხვაობით მივიდა თამაში ბოლო წუთებამდე. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე “რუსთავი” 73:65 ლიდერობდა და გამარჯვება თითქმის განაღდებული ჰქონდა, მაგრამ მჭიდრო პრესინგისა და ზუსტი შორი სროლებისა თუ გარღვევების ხარჯზე თსუ-მ ჩამორჩენა ხომ აღმოფხვრა და საბოლოოდ 5 ქულითაც მოიგო. დასკვნითი 3 წუთი უნივერსიტეტელებმა 13:0 მოიგეს და ეს 13 ქულა უნივერსიტეტელთაგან ასე გადანაწილდა: ნიკა დარბაიძე – 5, ლოველ ქაბილი – 5, პაპ დიოპი – 2.
საბოლოოდ მატჩის გმირმა და საუკეთესო მოთამაშე ლოველ ქაბილმა 32 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. რაილ ოუენსის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა, ხოლო ნიკოლოზ დარბაიძემ 11 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. რუსთაველთაგან 21 ქულით ლუვეინ პიპკინსი გამოირჩა. იშმაელ ჰოლისის ანგარიშზე 18 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.