სუპერლიგის მეორე წრე მეტი ეშხითა და დაძაბულობით დაიწყო. 2-დან 2 მოგება გაიფორმა საკალათბურთო კლუბმა რაშმა, რომელსაც პირველი წრის 10 შეხვედრაში მხოლოდ 1 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. დეიან პროკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს, თბილისი არენაზე ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი 86:72 (სტატისტიკა) დაამარცხა, რომელიც თსუ-სთან ერთად ცხრილის ლიდერი იყო.
რაში წინა სეზონის მსგავსად თამაშობს, როცა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურებამდე ბოლო ადგილზე იყო, სუპერლიგიდან გავარდნის მთავარ კანდიდატად ითვლებოდა, თუმცა ბოლო მატჩები მძლავრად ჩაატარა და უმაღლესში ადგილი შეინარჩუნა. დღეს, ვსა-სთან რაშმა თავიდანვე რომ მოიპოვა უპირატესობა, ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია.
გუნდის ძალიან ძლიერი მხარე არის ცენტრი, ანდრე უეირი, რომელიც სუპერლიგაში სამწამიანი ზონის ყველაზე დომინანტი მოთამაშეა. ამას ამბობს სტატისტიკაც და ეს ჩანს მოედანზეც. უეირის შემჩერებელი ჯერჯერობით არ მოიძებნა და აქამდე რაშს იმით უგებდნენ, რომ პერიმეტრიდან, საშუალო მანძილიდან სროლებით ჯობნიდნენ. ის, რომ ფარქვეშ რაში რომელიმე გუნდს დაეჩაგრა, არ მომხდარა.
ახლა კი რაშს პერიმეტრზეც ბრწყინვალე მოთამაშეები ჰყავს. ამერიკელი ლეგიონერი ტრევონ ტომასი იდეალური მსროლელი და მეპასეა. ლუკა ზაქრაძე კარგ ფორმაშია და სერგი ნინუა ბრძოლითა და სისწრაფით არავისზე ნაკლები არაა მთელს ლიგაში. ერთი სიტყვით, რაშმა ყველა რგოლი დააბალანსა და შედეგიც სახეზეა. წინა ტურში დამარცხებულ კსუ-კავკასიას პროკიჩის გუნდმა ლიდერი ვსა-ც მიაყოლა და 3 მოგებით რუსთავს გაუთანაბრდა. ეს ამბავი ცუდია გურჯაანის დელტასთვის, რომელიც რაშის მთავარი კონკურენტია და პირველი გამარჯვება წინა ტურში, სტუმრად ბათუმთან იზეიმა. ხვალ დელტა გურჯაანში კსუ-კავკასიას მასპინძლობს და ამ მატჩში მოსალოდნელია დიდი დაძაბულობა.
ვსა-ს წაგებით ისარგებლა თსუ-მ და ტყიბულის ორბის დამარცხებით ერთპიროვნული ლიდერი გახდა. თუმცა თსუ-ს მოგების მოპოვება ძალიან გაუჭირდა. ორბი მეორე პერიოდში 19 ქულით იგებდა და ზოგადად, მატჩის უმეტეს დროს წინ იყო, მაგრამ თსუ-მ დიდი დანაკლისის მოუხედავად, გამარჯვებამდე მისვლა ოვერტაიმში მოახერხა.
დანაკლისს რაც შეეხება, თსუ-ს გიორგი ცინცაძე, ნიკა ტყეშელაშვილი, გიორგი ცინცაძე და ახლახან დამატებული ნიკოლას ბრენეგანი აკლდა. განახევრებული გუნდით უნივერსიტეტელებმა მესამე პერიოდში 19-ქულიანი ჩამორჩენა გვარიანად შეამცირეს, ხოლო ბოლო პერიოდში 5 ქულითაც კი დაწინაურდნენ. ეს უპირველესად ალექსანდრე ფევაძის დამსახურება იყო, რომელმაც ძალიან შედეგიანი მატჩი გამოაცხო. მისმა მონაგარმა 35 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა შეადგინა. სარგებლიანობის კოეფიციენტმა 41-ს უწია და მიზერული შანსია, ფევაძე ტურის საუკეთესო მოთამაშედ რომ არ დასახელდეს.
მატჩის ძირითადი დრო 93:93 დასრულდა. ოვერტაიმში თსუ-მ მეტი სიზუსტე და დაცვაში კონცენტრაცია გამოავლინა, რამაც თამაში მოაგებინა – 106:102 (სტატისტიკა). ფევაძესთან ერთად გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდეს ლეგიონერებმა – კურვოსიე მაკკოლმა და კვენტინ ჰარდრიქტმა, რომლებმაც 23-23 ქულა მიითვალეს.
არანაკლებ დაძაბული შეხვედრა გაიმართა გორში. ივერიონმა ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 86:89 (სტატისტიკა) დამარცხდა. ზესტაფონელები ამ გამარჯვებით გაუთანაბრდნენ ვსა-ს და თუკი ზესტაფონი ორშაბათს რუსთავს მოუგებს, იმერულ კლუბსაც 8 მოგება და 4 მარცხი ექნება.
მე-13 ტურის დარჩენილი შეხვედრები კვირას გურჯაანში და ორშაბათს ქუთაისში გაიმართება. კახეთში სათამაშოდ კსუ-კავკასია ჩავა, იმერეთში კი – რუსთავი.