თსუ-მ დინამო ოვერტაიმში დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

თსუ-მ დინამო ოვერტაიმში დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

დაძაბული გამოდგა 
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მე-11 ტურის შეხვედრა თსუ-სა და დინამოს
შორის, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დამატებით დროში მეტოქეს
98:95 სძლია.

მატჩის პირველი ნახევარი ,,სტუდენტთა“ სასარგებლოდ წარიმართა, რომლებიც
პირველ ნახევარში 44:32 დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედში ,,დინამომ“ შეძლო მობილიზება
და  პერიოდის ბოლოს წინ გასვლაც მოახერხა –
62:58. ძალიან საინტერესო გამოდგა მეოთხე მეოთხედი, რომელიც გუნდების გარდამავალი უპირატესობით
წარიმართა. დაძაბულობამ პიკს აღნიშნული პერიოდის მიწურულს მიაღწია, სადაც თსუ-მ მცირე
უპირატესობა მოიპოვა, ,,დინამო“ კი მდევრის როლში აღმოჩნდა. შეხვედრის ძირითადი დროის
დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე  წამით დინამოლებმა
შეძლეს მეტოქის დაწევა (86:86) და შეხვედრა ფრედ – 86:86 დაასრულეს. ოვერტაიმი კიდევ
უფრო დრამატული გამოდგა და თამაში ქულა ქულაში წარიმართა. დამატებითი დროის მე-4 წუთზე
დინამოელებმა კვლავ მოახერხეს დაწინაურება და 95:91 გავიდნენ წინ, თუმცა მიუხედავად
ამისა, ,,სტუდენტებმა“ არ დაუთმეს მეტოქეს და კვლავ საყაიმო ანგრიში დააფიქსირეს –
95:95. დარჩენილ დროში თსუ-ს გუნდი კიდევ უფრო გააქტიურდა, მეტოქეს 3 ქულით აჯობა და
რეგულარული სეზონი მოგებით დაასრულა.

,,დინამოს“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ქიენ კარტერისა
 (32 ქ. 15მ) და მილან ოლუიჩის (18ქ.13მ) ანგარიშზეა,
ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ბექა ჩიკვილაძემ ულიდერა, რომელმაც
43 ქულა დააგროვა და შსს აკადემიის მოთამაშის ლარი ბლერის რეკორდი (41 ქულა) 2 ქულით
გააუმჯობესა.

მატჩისშემდგომ ტრადიციულად გაიმართა პრესკონფერენცია,
სადაც  შემდეგი  კომენტარები გაკეთდა.

ნუგზარ ჭეიშვილი
(თსუ-ს  მწვრთნელი): ჩვენი და ,,დინამოს“ გეგმები
სრულიად განსხვავებულია. ,,დინამო“ ბრწყინვალე გუნდია და რომ არა ამ გუნდის ახალწვეულის
ტრავმა შესაძლოა ეს თამაში სხვაგვარად დასრულებულიყო. ჩვენი ძირითადი მიზანი იყო ცხრილში
გაგვესწრო უნივერსიტეტების გუნდებისთვის, რასაც მივაღწიეთ კიდეც. სხვა მხრივ კი მოხარული
ვარ რომ პლეიოფში ,,არმიასთან“ არ მოგვიწევს თამაში, სადაც ჩვენი შანსები მინიმალური
იქნებოდა. ახლა ,,ქუთაისს“ დავუპირისპირდებით და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 20 პროცენტი
გვაქვს შანსებისა,  მაინც ვიბრძოლებთ და ვეცდებით
კარგი თამაშის ჩვენებას.

ირაკლი ხოშტარია
(დინამოს მწვრთნელი): მივულოცავ თსუ-ს ამ გმარჯვებას, რაც შეეხება თამაშს ახალს ვერაფერს
გეტყვით. რა რესურსიც გვქონდა იმით ვითამაშეთ. ახალმა ლეგიონერმა ალექსანდრე გრუევმა
ტრავმა მიიღო და დღეს გაირკვა ითამაშებს თუ არა შემდეგ მატჩებში. არ გვყავდა დუდა სანაძე,
გუნდი დატოვა გიორგი მარხვაშვილმა. ალექსანდრე ზესევიჩმა კი 5 პერსონალური  ფოლი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. შესაბამისად
დავრჩით ახალგაზრდა კალათბურთელების  ხარჯზე
– გიგა მეხრიშვილი, სოსო ლეჟავა რომლის შემცვლელიც ფიზიკურად არ მყავდა და ვერ დავასვენე.
რაც შეეხება მოთამაშეების დამატებას, განაცხადში ადგილი უკვე აღარ გვაქვს. მიუხედავად
ამ ყველაფერისა, იმედია მწყობრში ჩავდგებით და პლეიოფში ჩვეენს მეტოქეს ღირსეულ წინააღმდეგობას
გავუწევთ.

ბექა ჩიკვილაძე:  კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით. ვემზადებოდით
მაქსიმალური დატვირთვით და 100 პროცენტით მოვინდომეთ, რათა არმია აგვეცილებინა პლეიოფში
და ,,სტუდენტებზე“ წინ გავსულიყავით. ,,ქუთაისთან“ კი ვეცდები ღირსეული თამაში ვაჩვენოთ
და  მეტოქეს იოლად არ დავნებდეთ.

 სოსო ლეჟავა: სამი წამყვანი
მოთამაშე არ გვყავდა, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი წაგების მიზეზი. ,,ოვერტაიმში“ ძალიან
ცუდად ვითამაშეთ, თსუ-ს კი მოედანზე ყველაფერი გამოუვიდა. სწორედ ეს იყო ჩვენი წაგების
მიზეზი.