სუპერლიგის ლიდერების მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა. იმერეთის მთავარ ქალაქში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2 წამყვანი გუნდი – თსუ და “ქუთაისი” დაუპირისპირდა. უნივერსიტეტელები 10 მოგებითა და 2 მარცხით პირველ ადგილზე იყვნენ, ქუთაისელებს კი 9 მოგების წილ 2 მარცხი ჰქონდათ. ორივე გუნდს 2 წაგება ჰქონდა და მათ პირად დაპირისპირებას სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერი უნდა გამოევლინა.
შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და პირველობა განიმტკიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელსაც, შეგახსენებთ და, მთავარი ლიდერი, ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე აკლია. ცინცაძე ვარჯიშს უკვე შეუდგა და რომ დაბრუნდება, თსუ-ს კიდევ უფრო გააძლიერებს.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ბევრისთვის მოულოდნელად, ბრძოლა არ შედგა. ლიდერების მატჩი ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით, თუმცა ეს შეხვედრა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაძაბული იყო. მიზეზი თსუ-ელთა დიდებული გარჯაა. ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი 31:9 მოიგო, რითაც მატჩის ბედი ფაქტობრივად 10 წუთში გადაწყვიტა. ქუთაისელებს გამარჯვების პრეტენზია რომ ჰქონოდათ, მეორე პერიოდში რამე სათავისოდ უნდა შეეცვალათ, მაგრამ პირიქით მოხდა: თსუ-მა კიდევ უფრო გააძლიერა მასპინძლებზე ზეწოლა, 10-წუთეული 22:13 მოიგო და დიდ შესვენებაზე 31-ქულიანი უპირატესობის მოპოვებით მატჩს ინტრიგა და ინტერესი საბოლოოდ დაუკარგა.
მეორე ნახევარი ფორმალობად იქცა. თსუ-ს ლიდერობამ 36 ქულას მიაღწია და ქუთაისელებს იმედი საბოლოოდ გადაეწურათ. საბოლოოდ მასპინძლებმა ინერციით ჩაამთავრეს თამაში, გამარჯვებაგანაღდებულმა თსუ-ელებმა კი მარწუხებს მოუშვეს და “ქუთაისმაც” დარჩენილ დროში ჩამორჩენა 14 ქულამდე შეამცირა და მატჩის მიმდინარე ანგარიშთან შედარებით ნაკლებად სავალალო სხვაობით – 75:89 (სტატისტიკა) დამარცხდა.
გამარჯვებულებს 31 ქულით, 8 მოხსნითა და 5 პასით ლოველ ქაბილმა ულიდერა. ქაბილი სუპერლიგის ლიდერია ქულებში, პასებსა და ჩაჭრებში. მისი ლიდერობით თსუ-მ ქუთაისში იოლი გამარჯვება მოიპოვა. ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა პაპ დიოპს, რომელმაც 12 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. რაილ ოუენსის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. “ქუთაისში” 18 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო შედეგი ჰქონდა გიორგი კორსანტიას. სტივენ ფლეტჯერმა 7 სამქულიანი და ჯამში 21 ქულა ჩააგდო.
ამ ტურის მორიგი 3 მატჩი 12 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.