სუპერლიგის პირველი ტური ბათუმში გუშინ დაიწყო, რომლის მომდევნო მატჩები დღეს თბილისსა და გორში იმართება. თბილისი არენაზე დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი თსუ-სა და “რაშს” შორის გაიმართა. გუნდები მნიშვნელოვანი ცვლილებით შეხვდნენ დღევანდელ მატჩს: დუდუ დადიანის მემორიალის შემადგენლობასთან შედარებით თსუ გვარიანად შესუსტებული, რაში კი გაძლიერებული იყო.
სანდრო ნოზაძის გაწვრთნილმა რაშმა 3 ლეგიონერი შეიმატა, ხოლო თსუ-მ კი ტრავმების გამო გიორგი ცინცაძე და ოთარ ფხაკაძე მოისაკლისა. ამასთან, თსუ-ს ჯერაც ლეგიონერების გარეშე იყო. არადა, 3 ამერიკელი უკვე თბილისშია და მომავალი ტურიდან საქმეშიც ჩაერთვებიან.
მიუხედავად ამისა, თსუ-მ მაინც მოახერხა გამარჯვება. მართალია, ცოტა გაუჭირდა, მაგრამ ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა მთლიანობაში დამსახურებული გაიმარჯვა. რაში პერიოდული აფეთქებებით ახერხებდა ჩამორჩენის გაბათილებას, თსუ-ს კი თამაში მიჰყავდა, ხანდახან ჩამორჩებოდა ხოლმე მაგრამ გუნდური თამაშით ისევ ახერხებდა ხელჩასაჭიდი ლიდერობის მოპოვებას.
მაგალითისთვის, მეორე პერიოდის შუაწელში თსუ 13 ქულით იგებდა, თუმცა ანგარიში დიდ შესვენებამდე გათანაბრდა. ტანდაბალი გარეტ ჰიქსი სამქულიანებით გამოირჩა, წინა ხაზში კი ლაშა მიქელაძემ და ჯარეტ ჰენდერსონმა იყოჩაღეს. სუპერლიგაში დებიუტი ჰქონდა 16 წლის მათე ყავლაშვილს, რომელიც დუდუ დადიანის მემორიალზე გამოირჩა და თავი ისე წარმოაჩინა, როგორც გამოცდილმა, დაღვინებულმა სუპერლიგის კალათბურთელმა.
ყავლაშვილმა სუპერლიგაში დებიუტი 15 ქულით აღნიშნა. მან 4 სამქულიანი ჩააგდო და სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს დიდად დაეხმარა. ლიდერები კი გამოცდილი ალექსანდრე ფევაძე გახლდათ – 24 ქულითა და 17 მოხსნით. ვილი ისიანმა 22 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზე კი 22 ქულა, 8 მოხსნა დ 6 პასი დაგროვდა.
თსუ-მ საბოლოოდ 86:78 (სტატისტიკა) მოიგო და სუპერლიგა დაგეგმილი 2 ქულით დაიწყო. შემდეგ ტურში უნივერსიტეტელებს მორიგი გამოცდა კავკასიის უნივერსიტეტის გუნდთან ელით, რაში კი გურჯაანს უმასპინძლებს.