სუპერლიგის მეორე წრე გუშინ ქუთაისში დაიწყო, ხოლო დღეს თბილისში 2 მატჩით გაგრძელდა. დიღმის არენაზე დაგეგმილი შეხვედრებიდან პირველში ერთმანეთს ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი თსუ და ცხრილის ქვენა ნახევარში მყოფი “რაში” შეხვდნენ. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა პირველი წრის 10 მატჩიდან 8 მოიგო და ახალ წელს პირველ ადგილზე შეხვდა. სუპერლიგის 8 მოგებით დაწყების შემდეგ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მ პირველი წრის ბოლო 2 შეხვედრა “გურჯაანთან” და “ქუთაისთან” წააგო, თუმცა ერთპიროვნულ ლიდერად მაინც დარჩა.
“რაშთან” შეხვედრა თსუ-სთვის კვლავ მარცხიანი აღმოჩნდა და სუპერლიგაში გუნდმა ზედიზედ მესამედ წააგო. დაკარგული ქულებით თსუ-ს ვსა დაეწია და თუმცა ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და პირველ ტურში ისვენებს.
საინტერესოა, როგორ წააგო ჩემპიონატის ლიდერმა საშუალო გაქანების გუნდთან. თსუ-ს აკლდა უგამოცდილესი გიორგი ცინცაძე, მეორე ლიდერმა, ეროვნული ნაკრების წევრმა, ალექსანდრე ფევაძემ მესამე პერიოდში ფეხი იტკინა და მოედანზე ვეღარ დაბრუნდა. ბოლო პერიოდში თსუ-ს მთავარი მწვრთნელი – ლექსო ლაფანაშვილი 2 ტექნიკური ჯარიმის გამო გაუგდეს. საკმაო მიზეზებია საიმისოდ, რომ გუნდს საკმაოდ მზარდ და მოღონიერებულ “რაშთან” რომ წაეგო.
რაშმა სუპერლიგაში ბოლო 4 მატჩიდან მესამედ მოიგო და ცოტა ხნის წინ ცხრილის აუტსაიდერთა შორის მყოფმა ცხრილის შუაში აინაცვლა. რაშს უკვე 5 მოგება აქვს და სუპერლიგიდან “ა” ლიგაში დაქვეითება აღარ ემუქრება. თსუ-მ პირველი პერიოდი 20:11 მოიგო, მეორე წააგო, მაგრამ დიდი შესვენებისთვის 6 ქულით იგებდა. აი, მესამეში კი რაშმა იძალა. ათწუთეული 24:17 მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ ქულით დაწინაურდა.
ბოლო პერიოდში თსუ-ს ფევაძე აღარ ჰყავდა, მთავარი მწვრთნელიც მსაჯებმა გაუძევეს და რაშმაც საქმე ბოლომდე მიიყვანა. ნოდარ გოგოძემ პერიმეტრიდან და ლაშა მიქელაძემ ფარქვეშიდან თსუ-ს დიდი პრობლემები შეუქმნეს და როცა ამერიკელმა ლეგიონერებმაც გაისწორეს მიზანი, რაშმა გამარჯვება გაინაღდა. საბოლოოდ მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა რაშმა 83:73 (სტატისტიკა) გაიმარჯვა ცხრილის ზედა ნახევარში, მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.
დიღმის არენაზე გამართულ მეორე მატჩში კარგად ნაცნობი მეტოქეები – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი და გორის “ივერიონი” შეხვდნენ. ეს გუნდები იანვარში ერთმანეთს ორჯერ ეთამაშნენ – საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალში მოგებები გაიყვეს, თუმცა 2 მატჩის ჯამში მეოთხედფინალში “ივერიონი” გავიდა.
გორელებს დარჩათ გამარჯვება დღევანდელ, სუპერლიგის მატჩშიც. დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად ჩაატარა შეხვედრის პირველი ნახევარი, რომელიც 10 ქულით მოიგო და მეორეში ამ უპირატესობის შენარჩუნებას შეუდგა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ გორელების გატეხა ვერ მოახერხა. ბოლო წუთებზე ანგარიში რამდენჯერმე გათანაბრდა – 72:72 და 75:75, თუმცა ივერიონმა ლიდერობა არაფრის გზით არ დათმო და გამარჯვებამდე ბრძოლით მივიდა.
მატჩის გმირი გამოდგა გორელთა ლეგიონერი, ჯეი პალი, რომელმაც თამაშის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე სამქულიანით ივერიონი 78:75 დააწინაურა, ხოლო დასრულებამდე 30 წამით ადრე ორქულიანი და ბონუს-საჯარიმოც მიითვალა და გორელებს ფაქტობრივად გამარჯვება გაუნაღდა – 81:77. მატჩი საბოლოოდ 84:79 (სტატისტიკა) დასრულდა – ივერიონმა მე-5 გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობა შედარებით გაიუმჯობესა.
მე-12 ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ, 2 თებერვალს გაიმართება. ორბი ტყიბულში ამრა გაგრას უმასპინძლებს, ხოლო ზესტაფონში მარგვეთი ბათუმს მიიღებს.