თსუ-მ ცხუმ-აფხაზეთს ოვერტაიმში სძლია და სუპერლიგის ლიდერობა დაიბრუნა

თსუ-მ ცხუმ-აფხაზეთს ოვერტაიმში სძლია და სუპერლიგის ლიდერობა დაიბრუნა

ერთდღიანი პაუზის შემდეგ თსუ კვლავ პირველ ადგილს დაუბრუნდა. სუპერლიგის ლიდერმა მორიგი ტურის მატჩი ცხრილის ბოლოსკენ მყოფ “ცხუმ-აფხაზეთს” მოუგო, თუმცა ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდა. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის გამართვა გახდა საჭირო, სადაც 11 ქულა ჩააგდო და უნივერსიტეტელებს 98:96 (სტატისტიკა) გაამარჯვებინა ეროვნული ნაკრების კანდიდატმა ნიკოლოზ დარბაიძემ.

მხოლოდ 1 კალათბურთელის გამორჩევა არ იქნება მართებული. თსუ-ს წევრებმა ბოლომდე, გმირულად იბრძოლეს. თითოეული ბურთისთვის ორივე გუნდი შესაშური შემართებით იბრძოდა – თსუ-ს მოტივაცია პირველი ადგილის დაბრუნება, ხოლო ცხუმ-აფხაზეთისთვის მორიგი გამარჯვებით ცხრილში ადგილის გამყარება იყო. 

თამაშის უმეტეს დროს ცხუმელები ლიდერობდნენ. პირველი პერიოდი ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა 29:18 მოიგო და მეორე პერიოდში ლიდერობა 15 ქულამდეც გაზარდა. დიდ შესვენებამდე თსუ-ელებმა სპურტი მოაწყვეს და ზედიზედ 3-ჯერ ჩაჭრილი ბურთისა და სწრაფი, შედეგიანი კონტრშეტევის შემდეგ ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს. დიდ შესვენებაზე თსუ 9-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა, თუმცა უნივერსიტეტელებისთვის ეს ჩამორჩენა რომ არაფერია, მიმდინარე სეზონში არაერთხელ დაუმტკიცებია, როცა 15-20-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ თამაში მოუგია.

მესამე პერიოდში თსუ-მ უპირატესობა მოიხელთა, ათწუთეული 24:19 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა. ლოველ ქაბილი, რომელიც მიმდინარე სუპერლიგის ბომბარდირია, ცხუმ-აფხაზეთის ფარზე იყო ორიენტირებული და ნაირგვარი ხერხებით ცდილობდა მის დალაშქვრას. ერთ-ერთ მის სამქულიანს თსუ-ს დაწინაურება მოჰყვა – 71:70, რის შემდეგაც ქულა-ქულაში თამაში წავიდა. ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხან – მეორე. 

საბოლოოდ ძირითადი დრო ფრედ – 84:84 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი 5 წუთის გამართვა გახდა საჭირო. რაც გუნდებმა ბოლო პერიოდში სამქულიანები გააცუდეს, ერთბაშად ოვერტაიმში ჩააგდეს. ნიკოლოზ დარბაიძის 2 სამიანს ცხუმელთაგან ნოდარ გოგოძემ, მარქილ სმიტმა და ლუკა მაზიაშვილმა უპასუხეს. სმიტის ორქულიანიც და ოვერტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ცხუმ-აფხაზეთი 5 ქულით (95:90) დაწინაურდა.

აქ თსუ-ს დაცვამ იმუშავა, რომელიც 2 წუთი გადაულახავ ბარიერად იქცა მეტოქისთვის და შეტევაში ისევ დარბაიძემ იჩაუქა, რომელმაც ეგრეთ წოდებული “ენდვანი” ჩააგდო და მატჩის ბომბარდირმა ლოველ ქაბილმაც რომ ზუსტად ტყორცნა, თსუ-მ ანგარიში 96:96 გაათანაბრა. საფინალო სირენამდე წუთით ადრე კვლავ დარბაიძე აგდებს ორქულიანს (11 ქულა ოვერტაიმში) და საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს, თუმცა დარჩენილ 1 წუთში თსუ-მა 3-ჯერ, ხოლო ცხუმ-აფხაზეთმა 2-ჯერ შეუტია უშედეგოდ.  პოტენციურად მოგების მომტანი სამქულიანი მარქილ სმიტმა ააცილა.

თსუ-ში შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა ლოველ ქაბილს – 33 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი, 7 ჩაჭრა. დარბაიძის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა, 12 ქულა და 8 მოხსნა მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზეა. ცხუმ-აფხაზეთში 26 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო მარქილ სმიტი. 18 ქულა და 11 მოხსნა ჯაი უილიამსმა, ხოლო 16 ქულა ნოდარ გოგოძემ დააგროვა.

თსუ-ს ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი და თუკი “ტიტებს” მოუგებს, რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე დაასრულებს.