ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა გაუ-მ მიმდინარე სუპერლიგის ყველაზე ხმაურიანი შედეგი დააფიქსირა. გუნდმა, რომელსაც ქართველი კალათბურთელების უმეტესობა თინეიჯერი ჰყავს, 26 ქულის სხვაობით დაამარცხა დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერი, ფიბა ევროპის თასზე ნაასპარეზები თსუ. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახლდათ ერთადერთი, რომელსაც მიმდინარე სუპერლიგაში წაგება არ ჰქონდა და ლიდერს პირველი მარცხი დავით როგავას გაწვრთნილმა გაუ-მ აგემა.
ყველაფერ ამის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი და მისი ასისტენტი, გიორგი ლაშქარაძე მილოცვებს რომ იღებდნენ, სიხარულის არაფერი ეტყობდათ. გაუ-ს მწვრთნელები დაღონებულები იყვნენ იმ წყეული ტრავმის გამო, რომელიც მათ მთავარ გამთამაშებელს, ეროვნული ნაკრების 20 წლის წევრ ლუკა ლიკლიკაძეს მესამე პერიოდში შეემთხვა. სათამაშო ეპიზოდში ლიკლიკაძე დაეცა და ფეხის საშინელი ტკივილი ექიმებმაც ვერ გაუყუჩეს. იგი პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს – წინასწარი და სავარაუდო დიაგნოზი აქილევსის მყესის დაზიანებაა, რომელსაც ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში სარეაბილიტაციოდ მინიმუმ 9 თვე დასჭირდება.
გაუ-მ ძალიან მაგრად ითამაშა და საამაყო გამარჯვებაც მოიპოვა, მაგრამ საზეიმოდ გუნდს საქმე არ ჰქონდა. ყველას ერთი საფიქრალი ჰქონდა: ლუკა ლიკლიკაძე, რომელმაც ლეგიონერების დახმარებით თსუ-სთან მატჩი, რომ იტყვიან, “გააკეთა” და ვერაგი ტრავმა შეემთხვა. მესამე პერიოდის ბოლოს, 20 ქულით გალიდერებულმა და ლიკლიკაძის გარეშე დარჩენილმა გაუ-ელებმა თსუ-ს ერთი მიძალება მოიგერიეს და დარჩენილი დრო არანაკლები შედეგიანობით ჩაამთავრეს, რაც როგორც მწვრთნელების, ისე მოთამაშეების დიდ ქებასა და აპლოდისმენტებს იმსახურებს. საბოლოოდ გაუ-მ 88:62 (სტატისტიკა) გაიმარჯვა, რითაც თსუ-ს პირველი და გამოსაფხიზლებელი მარცხი აგემა.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ენდრიუ ლუისმა დააფიქსირა – 28 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი, 4 ჩაჭრა. აიზია სმოლმა 17 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ივანე მეგენეიშვილის ანგარიშზე 14 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. თსუ-ში 14 ქულით ბომბარდირი გახდა კახა ჯინჭარაძე. 13 ქულა და 6 პასი გიორგი ცინცაძის ანგარიშზეა.
ამ გამარჯვებით გაუ ლიდერებში გაერია. დავით როგავას გაწვრთნილ გუნდს 4 მოგება და 2 მარცხი აქვს, ისევე როგორც გურჯაანის დელტასა და ქუთაისი-2010-ს.