ზესტაფონის მარგვეთი გორში ბოლო წუთზე აცილებული სროლების გამო დამარცხდა

ზესტაფონის მარგვეთი გორში ბოლო წუთზე აცილებული სროლების გამო დამარცხდა

სუპერლიგის მე-3 ტურის ბოლოსწინა შეხვედრა გორში გაიმართა. ტურის 1 მატჩი, რომელიც 26 ოქტომბერს “ქუთაისი 2010”-სა და “რაშს” შორის უნდა გამართულიყო, 3 ნოემბრისთვის გადაიდო. შესაბამისად, მე-3 ტური ამ დღეს დასრულდება. 

რაც შეეხება გორში გამართულ მატჩს, ის ამ ტურის ყველაზე დაძაბული შეხვედრა გამოდგა. არც ერთ მატჩში არ ყოფილა ბოლო წამებამდე ბრძოლა, ივერიონისა და ზესტაფონის “მარგვეთის” მატჩში კი გამარჯვებული საფინალო სირენის თანხლებით გამოვლინდა. მართალია, ბოლო ბურთი არ ჩავარდნილა, თუმცა რომ ჩავარდნილიყო, მასპინძელი ივერიონი ვერ გაიმარჯვებდა. შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდოდა.

ყველაფერი კი ასე იყო: მარგვეთი 90:93 აგებდა, დასრულებამდე 2.3 წამი რჩებოდა და ზესტაფონელებს საკუთარი ნახევრის პირით ხაზიდან შემოჰქონდათ ბურთი. ლუკა ალავიძემ შორი პასით მეტოქის ნახევარზე, პერიმეტრთან სანდრო სანაძე მოძებნა, რომელმაც ბურთი მიიღო, პოზიცია გაიმყარა და სამქულიანი ესროლა. ბურთი რკალს მოხვდა და კალათში არ ჩაეშვა. რომ ჩავარდნილიყო, ძირითად დროში ფრე დაფიქსირდებოდა და შემდეგ ვინ მოიგებდა, არავინ იცოდა.

მარგვეთმა რომ წააგო, საკუთარი მოთამაშეების ელემენტარულ შეცდომებს უნდა დააბრალოს. უფრო ზუსტად კი, ზესტაფონელთა ცენტრმა, აკოლ მავეინმა ერთი და იმავე, საკმაოდ ხელსაყრელი ადგილიდან , ისე, რომ ხელს ფაქტობრივად არავინ უშლიდა, ორჯერ ააცილა გამთანაბრებელი ორქულიანი – ორჯერვე 90:92 ანგარიშზე. სამხრეთ სუდანელ ლეგიონერს არ გაუმართლა, თორემ  ზესტაფონელები ანგარიშს ბოლოსდაბოლოს გაათანაბრებდნენ, რასაც მთელი ბოლო პერიოდის მანძილზე ცდილობდნენ და მიზანთან მისულები გამთანაბრებელი სროლის ჩაგდებას ვერ ახერხებდნენ.

გორის ივერიონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა ივანე მეგენეიშვილმა, რომელმაც 26 ქულა დ 13 მოხსნა მოაგროვა. ოსტონ ჩატმანმა გამარჯვებულებს 19 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი შესძინა. 24 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილის ანგარიშზეა. ზესტაფონელთაგან 30 ქულით, 6 მოხსნით და 5 პასით მელიკ მარტინი გამოირჩა. 21 ქულა სანდრო სანაძემ მოაგროვა. ვახტანგ გაფრინდაშვილის ანგარიშზე კი 13 ქულა და 5-5 მოხსნა-პასი დაგროვდა. 

როგორც ვთქვით, სუპერლიგის მე-3 ტური 3 ნოემბერს, “რაშისა” და “ქუთაისის” მატჩით დასრულდება.