სუპერლიგის მე-5 ტური დღეს, ბათუმში გაიხსნა. ზღვისპირელებმა ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლეს და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენს ნიშნავს ბათუმისთვის გამთამაშებელი. გიორგი ოჩხიკიძემ მე-3 ტურში, კსუ-სთან მატჩში ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ბათუმელებმა, რომლებსაც წაგება არ ჰქონდა, ორივე შეხვედრა დათმეს. ბუბა ბერიშვილის გავრთნილმა გუნდმა წინა ტურში ვსა-სთან, თბილისში, სუპერლიგაში პირველი მარცხი განიცადა, დღეს კი საკუთარ მოედანზე ზესტაფონის მარგვეთთან წააგო.
შეხვედრა მთელი 3 პერიოდი თანაბარი იყო. ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხან – მეორე, თუმცა უმეტესწილად წინ ბათუმი იყო. სხვაობა 2-4 ქულას არ სცდებოდა და ცხადი იყო, რომ ყველაფერი დასკვნით პერიოდში გადაწყდებოდა. ბოლო ათწუთულის წინ ანგარიში თანაბარი გახლდათ, თუმცა ზესტაფონელებმა მალევე მოიპოვეს ხელჩასაჭიდი ლიდერობა.
მეოთხე პერიოდი ჯერემი შოუს სამქულიანით გაისნა, თუმცა ეს იყო ბოლო ეპიზოდი, როცა მასპინძლები დაწინაურდნენ. შოუს სამიანს გიორგი კობახიძის 2 ზუსტი შორი სროლა მოჰყვა, რის შემდეგაც შეტევის დაგვირგვინება დალტონ ბენქსმა გადაიბარა. მისმა ზედიზედ ორმა შედეგიანმა შეტევამ სტუმრები 75:70 დააწინაურა, რაც თანაბარ თამაშში სოლიდურ უპირატესობას ნიშნავდა.
ბათუმელებმა წუთშესვენება აიღეს, თუმცა ამან საქმეს ვერ უშველა. დიჯეი დევისის სამიანის შემდეგ, თამაშის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე მარგვეთი 80:72 დაწინაურდა. ამის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა. შეტევაში შედეგიანობით ზესტაფონელებმა შეინარჩუნეს მოპოვებული ლიდერობა და საბოლოოდ 88:78 (სტატისტიკა) იმარჯვეს.
მარგვეთს წინა ტურის MVP-იმ – ჯეილენ ჰილმა ულიდერა, 21 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. 13 ქულითა და 10 მოხსნით რომან ჭინჭარაული გამოირჩა. დალტონ ბენქსმა 8 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა, 15 ქულა დიჯეი დევისის ანგარიშზე დაგროვდა. ბათუმში 19 ქულითა და 10 მოხსნით მაირინ ტომასი გამოირჩა, დავით ლომიძემ შეხვედრა 10 ქულით, 6 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა.
სუპერლიგის 4 მატჩი ხვალ, 8 ნოემბერს, თბილისსა და გორში გაიმართება. თბილისი არენაზე “რაში” “რუსთავს” უმასპინძლებს, კსუ ვსა-ს, ხოლო გორში “ივერიონთან” სათამაშოდ “ქუთაისი” ჩავა.