14-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასასრულს უახლოვდება და 23 მარტის დარჩენილი მატჩები სატურნირო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. შესაბამისად, ცნობილია ყველა ის გუნდი, რომლებიც აღნიშნული ასაკის A და B ლიგებში მიიღებს მონაწილეობას.
საქმე ის გახლავთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალში გასულები არიან ზაზა ფაჩულიას აკადემიის მე-2 და მე-3 გუნდები, სერიის მოგების შემთხვევაშიც კი, A ლიგაში ვერ იასპარეზებენ. ეს ხდება დებულების იმ პუნქტის თანახმად, რომელიც A ლიგაში ერთი საკალათბურთო სკოლის ერთზე მეტი გუნდის მონაწილეობას კრძალავს. ზაზას აკადემიის პირველმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით მოიპოვა A ლიგის საგზური და შესაბამისaდ, მის მე-2 და მე-3 გუნდებს B ლიგაში მოუწევთ ასპარეზობა.
მიუხედავად იმისა, რომ A ლიგაში თამაშის უფლება არ ჰქონდათ, ზაზას აკადემიის მე-2 და მე-3 გუნდებმა პლეი ოფში მაინც იასპარეზეს და ნახევარფინალშიც გავიდნენ, თუმცა გამარჯვების შემთხვევაშიც კი A ლიგის საგზურებს მათი მეტოქეები – დინამო და ორბი 1 მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ წლეულს ასაკობრივი ჩემპიონატები პირველად ტარდება ახალი სისტემით, რაც გულისხმობს 14, 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონატების 3 ლიგად ჩატარებას (თუკი გუნდების რაოდენობა საკმარისი იქნება), რომელთაგან A ყველაზე ძლიერი იქნება (და ქვეყნის ჩემპიონს გამოავლენს), B-ს რიგითობით მომდევნო სტატუსი ექნება და C იქნება ყველაზე დაბალი რანგის, რომელში მონაწილეობაც გუნდებს ნებაყოფლობით, საკვალიფიკაციოს გავლის გარეშე შეეძლებათ.
შეგახსენებთ სისტემას, რომლითაც 14-წლამდელთა საკვალიფიკაციო ჩატარდა. ტურნირში მონაწილე 39 გუნდი 12 ჯგუფში იყო განაწილებული, რომლებიც 14-გუნდიანი A ლიგის 11 საგზურისთვის იბრძოდნენ. აღსანიშნავია, რომ A ლიგის 3 საგზური კვოტირებით რეგიონების – ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის გუნდებს ჰქონდათ მიღებული. A ლიგის საგზური პირდაპირ მოიპოვა საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის 9 საუკეთესო პირველადგილოსანმა, ხოლო დარჩენილი 3 პირველოსანი და 5 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი ოფში 2 საგზურისთვის იბრძოდნენ.
სწორედ ამ პლეი ოფში გავიდნენ ზაზა 2 და ზაზა 3, რომლებსაც წარმატების შემთხვევაშიც კი A ლიგაში ვერ გადავიდოდნენ. პლეი ოფის პირველი, ორმატჩიანი წრე დაძლიეს და ნახევარფინალში გავიდნენ ზაზა 2, ზაზა 3, დინამო და ორბი. შესაბამისად, A ლიგის დარჩენილი 2 საგზურის მფლობელები გახდნენ დინამო და ორბი. ცნობისთვის,დღეს გამართული ნახევარფინალური სერიების პირველ მატჩებში ზაზას აკადემიის ორივე გუნდმა მოიგო – ზაზა 2-მა 77:36 მოუგო დინამოს, ხოლო ზაზა 3-მა 65:54 დაამარცხა ორბი. სერიის საპასუხო მატჩები 23 მარტს გაიმართება, თუმცა შედეგები, როგორც აქამდე არაერთხელ აღვნიშნეთ, არაფერს შეცვლის და A ლიგის საგზურებს დინამო და ორბი მიიღებენ.
წარმოგიდგენთ საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად გამოვლენილ A, B და C ლიგის მონაწილეებს. ამასთან შეგახსენებთ რომ საკვალიფიკაციო ეტაპის მიღმა გუნდებისთვის C ლიგაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მის დაწყებამდე აღნიშნული ლიგა გუნდებით კიდევ შეივსება.
ფოტოები: ზაზა 2 – დინამო, ზაზა 3 – ორბი