საქართველოს 15 და 16 წლამდელთა ნაკრებებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის დღევანდელი მატჩები წარმატებით დააგვირგვინეს. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი “საქართველო 2005” მოსკოვში, ხოლო მილოშ გლიგორიევიჩის “საქართველო 2004” რიგაში ატარებს ევროპის ლიგის მეორე წრეს. 18 იანვარს ორივე გუნდმა 2-2 მატჩი გამართა და გამარჯვებებს მიაღწია.
რიგაში მყოფმა 16-წლამდელებმა დღეს გამართულ პირველ შეხვედრაში ლატვიურ “კრაუკლას” 63:31 (სტატისტიკა) სძლიეს. ჩვენს გუნდში 14 ქულითა და 5 მოხსნით საუკეთესო იყო ლუკა კუჭუხიძე. 10 ქულა დააგროვა გიორგი სულაბერიძემ, 9 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა კოკა კაკულიას, ლევან ტურაშვილმა კი შეხვედრა 9 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.
გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდის მეორე მეტოქე ლიტვური “ალიტუსი” გახლდათ, რომელიც ქართველებმა დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით – 47:46 (სტატისტიკა) დაამარცხეს. 15 ქულით გუნდის ბომბარდირი გიორგი ოჩხიკიძე გახდა, ხოლო ლუკა კუჭუხიძემ 8 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
“საქართველო” 2004″-ს მეორე წრეში გამართული 4 მატჩიდან 2 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს. წრის დასკვნით შეხვედრას ქართველები 19 იანვარს, ჩეხეთის “ბრნოსთან” გამართავენ, რის შემდეგაც თბილისში გამოემგზავრებიან.
ევროპის U16 ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, მე-3 წრის მატჩებს “საქართველო 2004” 12-15 მარტს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართავს.
რაც შეეხებათ 1 წლით უმცროს, 15-წლამდელებს, “საქართველო 2005”-მაც დღეს გამართული ორივე შეხვედრა მოიგო. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ შეხვედრაში ლიეტუვური “ბირჟაი” 72:49 (სტატისტიკა) დაამარცხა. 15 ქულით, 7 მოხსნითა და 7 პასით მატჩის საუკეთესო შედეგი ლუკა ალავიძემ დააფიქსირა, 23 ქულით კი ბომბარდირი ლევან ძინძიბაძე გახდა.
მეორე შეხვედრაში ქართველებმა მოსკოვური “რუნა” 62:41 (სტატისტიკა) დაამარცხეს. ჩვენს გუნდში გამორჩეულად ითამაშა ლუკა ლომთაძემ, რომელმაც 12 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. 12 ქულა და 7 მოხსნა ლევან ძინძიბაძის ანგარიშზე დაგროვდა, ლუკა ალავიძემ კი პირად ანგარიშზე 12 ქულა და 6 პასი ჩაიწერა.
მეორე წრის ფარგლებში გამართული 4 მატჩიდან ტომარაძის გუნდს 3 მოგება აქვს და ბოლო შეხვედრას 19 იანვარს, ლატვიურ “ვალმეირასთან” ჩაატარებს. ევროპის U15 ლიგის ბოლო, მე-3 წრის მატჩები 12-15 მარტს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.
ბირჟაი (ლიტვა) – საქართველო 2005
საქართველო 2005 – რუნა (რუსეთი)