საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სპეციალური პროგრამით “ჯუნიორ NBA-GBF ლიგის” წარმატებულ გუნდებს ეძლევათ თანადაფინანსება, რათა საერთაშორისო ტურნირებში მიიღონ მონაწილეობა. გარდა ამისა, 14 და 15 წლამდელთა გუნდებისგან დაკომპლექტებულ ნაკრებებს ფედერაცია ევროპის ლიგაზე სისტემატიურად ათამაშებს. ის გუნდები, რომლებიც პროგრამაში ვერ ხვდებიან, საკუთარი ძალებით ახერხებენ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას. ეს პროცესი რამდენიმე წლის წინ “აკადემიამ” და “ჰიუნდაიმ” დაიწყო, როცა საკუთარი სკოლისა და სპონსორების დაფინანსებით საერთაშორისო ტურნირებში იასპარეზა. ამ გუნდებს შეუერთდა “ვინგსიც”, რომელმაც ამ სეზონში პირველად იასპარეზა ბალტიის ლიგაში.
სპონსორის, “ოტომოტორსის” დახმარებით “ვინგსი” ლატვიის დედაქალაქ რიგაში იმყოფებოდა, სადაც ბალტიის 13-წლამდელთა ლიგის 5 მატჩი გამართა და 4 მოიგო. ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა მხოლოდ ლიტვურ DSN-თან (36:43) წააგო, დანარჩენ მატჩებში კი ლატვიური გუნდები “ბაუსკა” (51:43), “სალასპილისი” (60:40), “კრაუკლა” (45:44) და ესტონური “ტიტ სოკის აკადემია” (36:33) დაამარცხა.
პირველი წრის შემდეგ მოპოვებული 4 მოგებით “ვინგსი” ლიდერთა შორისაა და შემდეგი წრის მატჩებს ზამთარში, მოგვიანებით შედგენილი კალენდრის მიხედვით გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ბალტიის 13-წლამდელთა ლიგაში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თანადაფინანსებით მონაწილეობენ “ჯუნიორ NBA-GBF ლიგის” გასული სეზონის პრიზიორი გუნდები – “ზაზას აკადემია”, “იბერი” და “ქუთაისი”.