14-წლამდელთა “ბ” ლიგის ჩემპიონი გახდა მამა-შვილის – ზურა და გიორგი რაზმაძეების, ასევე საბა ზაქრაძის გაწვრთნილი “ოვერტაიმი”. საკუთარი არცთუ მცირე გულშემატკივრების მხარდაჭერითა და რა თქმა უნდა, სწრაფი და შედეგიანი თამაშის წყალობით ოვერტაიმელებმა მთელი სეზონი აღმავლობით ჩაატარეს. პლეო ოფში გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და ფინალური სერიაც დიდი ძალისხმევის გარეშე მოიგო.
93:77 და 77:62 – ამ ანგარიშებით მოიგეს ოვერტაიმელებმა ფინალური სერია, რომელშიც მათი მეტოქე დავით ბერძენიშვილის გაწვრთნილი “დინამო” გახლდათ. “ბ” ლიგის გათამაშების ორგანიზატორი გახლდათ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.
ფინალურ მატჩამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც საბა ჩიხლაძისა და ალეკო ქისტაურის გაწვრთნილმა “გოამ” 69:53 დაამარცხა “ლეგიონი” და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა. მედლებითა და სიგელებით გოელები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა – მამუკა ლომიძემ და გიგა ჩაჩანიძემ დააჯილდოეს. მათვე გადასცეს შესაბამისი სინჯის მედლები საჩემპიონო მატჩის შემდეგ “ოვერტაიმისა” და “დინამოს” წევრებს.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ოვერტაიმელი გიორგი ჩაჩუა დასახელდა, რომელსაც MVP-ის პრიზი მამუკა ლომიძემ გადასცა. მაყურებელთა რჩეული დინამოელი ნიკოლოზ ბალხამიშვილი გახდა, რომელიც გიგა ჩაჩანიძემ დააჯილდოვა.
ოვერტაიმელებს საჩემპიონო თასი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ძიძიგურმა გადასცა.