14-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში ,,ბათუმსა” და ,,ქუთაისს” შორის ანგარიში გათანაბრდა – 1:1. ბათუმელებმა საკუთარ მოედანზე მეტოქე დამაჯერებლად, 93:74 დაამარცხეს, თუმცა სერიის განმეორებით მატჩში, რომელიც ქუთაისში გაიმართა, მარცხი განიცადეს – 83:103. ქუთაისელებმა შეხვედრის საწყის წუთებში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს (24:10), რომელიც მეორე მეოთხედშიც შეინარჩუნეს და საბოლოოდ ტაიმში 52:41 იმარჯვეს. ,,ზღვისპირელებმა” ვერც მესამე მეოთხედში გაუწიეს მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა და პერიოდი 10 ქულის სხვაობით, 67:77 დათმეს. დასკვნით ათწუთეულში მასპინძლებმა კვლავ მობილიზებულად იასპარეზეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.
გამარჯვებულებს 30 ქულით იოანე გუბაევმა ილიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა. ლადო ფურცხვანიძემ 24 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა, ხოლო მურად მერკვილაძემ – 18 ქულა და 15 მოხსნა. ბათუმელებს 28 ქულით დავით აფხაზავამ ულიდერა,ხოლო 20 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი ომარ თურმანიძის ანგარიშზეა.