ფინალური სერიის მეორე მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მართალია, რუსთავში ჩასულ „ორბსაც“ არ აკლდა გულშემატკივარი, თუმცა მასპინძლებს უფრო მეტი და ორგანიზებული ქომაგობა ჰყავდა.
საყვირებით შეიარაღებული რუსთაველები აქტიურობდნენ და საყვარელი გუნდის გვერდში ერთგულად დგომა მატჩის ბოლოს დაუფასდათ კიდეც.“რუსთავმა“ დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში ერთი ქულის სხვაობით – 69:68 დაამარცხა „ორბი“ და ამ ასაკში ჩემპიონის ვინაობას ფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი გამოავლენს, რომელიც თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, სავარაუდოდ, პარასკევს გაიმართება. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ფინალური სერიის პირველი მატჩი „ორბმა“ გასულ კვირას თბილისში 62:56 მოიგო და რუსთავშიც ჩემპიონად გახდომის იმედით ჩამოვიდა, მაგრამ…
როგორც ვთქვით, შეხვედრა ძალზედ დაძაბული იყო. მართალია, სტუმრები გამუდმებით წინ იყვნენ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, თუმცა იგრძნობოდა, რომ მასპინძლებს გამარჯვების პოტენციალი ნამდვილად გააჩნდა და ეს ვარაუდი საბოლოოდ გამართლდა კიდეც. 10:7, 16:10, 26:14, 34:25, 45:37 – შეხვედრის მანძილზე ასეთი ანგარიშებით იგებდა თბილისური გუნდი, თუმცა რუსთაველებმა მესამე მეოთხედში გარდატეხა მოახდინეს, რაც მათი ლიდერის, გიგი გოგობერიშვილის დამსახურებაა.
გიგი გახლავთ ცნობილი რუსთაველი კალათბურთელის, რამაზ გოგობერიშვილის ვაჟი. როგორც მამამისი იყო ერთ დროს რუსთავის „აზოტის“ ლიდერი და გამარჯვებებისკენ მიუძღვოდა, დაახლოებით ისე ულიდერა ამ მატჩში გიგიმ თავის გუნდს. საბოლოო ჯამში გოგობერიშვილმა 35 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება ისე მიითვალა, რომ არც ერთხელ არ დაჯარიმებულა. სწორედ მან ჩააგდო საფინალო სირენამდე 28 წამით ადრე გამთანაბრებელი შორეული ორქულიანი, ხოლო დასრულებამდე 2 წამით ადრე საჯარიმოს ხაზიდან პირველი სროლა ზუსტად შეასრულა (თავისიანები ქულით დააწინაურა), ხოლო მეორე, დროის გაყვანის მიზნით განზრახ ააცილა და რუსთაველებს გამარჯვება გაუნაღდა. მის კვალად თორნიკე ალავერდაშვილმა ქვემოქართლელებს 12 ქულა მიაშველა, ხოლო გიორგი ტუბელაძემ – 10. ერთი საინტერესო ფაქტი: ორივე გუნდმა მხოლოდ 7 კალათბურთელით ითამაშა.
საფინალო სირენა იყო და მაყურებლები მოედანზე გადაეშვნენ და გამარჯვებულ რუსთაველებს ემოციური ოვაციები მოუწყვეს. ჩემპიონის ვინაობა უკვე ერთ მატჩზე ჰკიდია. მომდევნო შეხვედრის მომგები გუნდი 14–წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება. ან ზვიად დიდბერიძე–ნინო ყიფშიძის გაწვრთნილი „ორბი“, ანაც ლევან ხმელიძე–რამაზ გოგობერიშვილის „რუსთავი“.