მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა “საქართველო 2004”-მა, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროექტის შესაბამისად შეიქმნა და მასში 15-წლამდელი პერსპექტიული მოთამაშეები არიან თავმოყრილნი, ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში მორიგი მატჩები გამართა. ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში მიმდინარე მე-3 წრის ეგიდით ქართველები დღეს ჯერ მასპინძელთა გუნდ “სნეიქსს” დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ლიეტუვურ “ლაიონსს”. ტურაშვილის გუნდმა მეტოქეებთან მოგებ-წაგებები გაცვალა.
ქართველებმა დასანანი მარცხი იწვნიეს მასპინძლებთან. ბოლო პერიოდის წინ 6 ქულით ჩამორჩენილმა “საქართველო 2004”-მა დეფიციტი აღმოფხვრა და დაწინაურდა, თუმცა ბოლო წამებზე 1 ქულით 74:75 დამარცხდა.
ჩვენს გუნდში 14 ქულითა და 8 მოხსნით კოკა კაკულია გამოირჩა. 14 ქულა დააგროვა ნიკოლოზ გულიაშვილმა, ხოლო გიორგი მესხმა 11 ქულა 7 მოხსნა გამოიმუშავა.
მეორე შეხვედრაში ქართველებმა საკმაოდ იოლად – 66:46 დაამარცხეს ლიეტუვური “ლაიონსი”. ჩ ენს გუნდში 18 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო კოკა კაკულია. 15 ქულა მოაგროვა ცოტნე ვაშაყმაძემ, ხოლო 10 – ნიკოლოზ გულიაშვილმა.
24 მარტს “საქართველო 2004” მესამე წრის ბოლო მატჩს გამართავს კაუნასის “ჟალგირისთან”.
საერთო ცხრილში ტურაშვილის გუნდს 14 მატჩიდან 6 მოგება აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება.