წარმატებით აგრძელებს ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ასპარეზობას “საქართველო 2006”. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი ლატვიის დედაქალაქ რიგაში აღნიშნული ტურნირის მე-2 წრის მატჩებს ატარებს, სადაც პირველ დღეს მოგებულ 2 მატჩს კიდევ 2 მოაყოლა.
ქართველების მე-3 მეტოქე პოლონური ქალაქი კომაროვის ამავე სახელწოდების გუნდი გახლდათ. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ ჩვენმა გუნდმა მეორეში 21:12 იმარჯვა და ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა. პოლონელები არ გატყდნენ და მოგების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა “საქართველო 2006”-მა მოახერხა და მორიგ გამარჯვებას მიაღწია – 57:51 (სტატისტიკა).
ჩვენს გუნდში 15 ქულით, 11 მოხსნით და 3 პასით საუკეთესო შედეგი გოგიტა ბუკიამ დააფიქსირა. 20 ქულა ჰქონდა ნიკოლოზ აბულაძეს, ხოლო ლუკა მუჯირიშვილის ანგარიშზე 12 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
“საქართველო 2006”-ის მორიგი მეტოქე გერმანული “ფენიქს ჰაგენი” გახლდათ, რომელიც ქართველებმა 91:37 (სტატისტიკა) გაანადგურეს. ჩვენმა გუნდმა საკმაოდ გუნდურად ითამაშა და გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია. ყველაზე მეტი ქულა, 11-11 ლუკა ისაკაძემ და გურამ ცხადაძემ მოაგროვეს. სარგებლიანობის ინდექსით კი ყველაზე საუკეთესო მიხეილ ვაჩნაძე გახლდათ, რომელმაც 8 ქულა, 8 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა.
“საქართველო 2006” მე-2 წრის ბოლო, მე-5 მატჩს 26 იანვარს გამართავს, რის შემდეგაც თბილისში გამოემგზავრება. ამ მომენტისთვის ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ გუნდს 7 მოგება და 2 მარცხი აქვს და 16 გუნდიან ლიგაში მხოლოდ წაუგებელ ლიეტუვურ “გეალანს” ჩამორჩება.