დღეს დაიწყო საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიები. საუკეთესო 4 გუნდი ჩემპიონობისთვის გადამწყვეტ ბრძლაში ჩაება. ერთმანეთს “ჰიუნდაი 2” – “რუსთავი” და “ზაზა” – “ქუთაისი” ხვდებიან. დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამ წყვილებში ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩები გაიმართა. ორივე შემთხვევაში დედაქალაქის გუნდებმა იმარჯვეს.
თავდაპირველად გაიმართა “ჰიუნდაისა” და “რუსთავის” მატჩი, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე, “ჰიუნდაის” სასარგებლოდ გადაწყდა, რომელმაც ქვემოქართლური გუნდი 80:75 დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა. ფინალში გასასვლელად სერიაში 3 გამარჯვების მოპოვებაა საჭირო.
მეორე მატჩში ბრძოლა მხოლოდ პირველ ნახევარში შედგა, რომელიც ქუთაისელებმა 2 ქულით მოიგეს. მესამე პერიოდი გამოდგა გარდამტეხი. “ზაზას აკადემიის” გუნდის წევრებმა უბადლოდ ითამაშეს და პერიოდი 22 ქულით მოიგეს. შეხვედრის ბედიც აქ გადაწყდა. დასკვნით ათწუთეულს აზრი დაეკარგა და შეხვედრა “ზაზას” გამარჯვებით – 95:70 დასრულდა.
ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩები ისევ ოლიმპიურ სასახლეში, ხვალ, 18 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც სერია რეგიონებში – ქუთაისსა და რუსთავში გადაინაცვლებს.