შავი ზღვის თასის გათამაშების გამარჯვებული კაუნასის “ჟალგირისი” გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში 76:65 დაამარცხა საქართელოს 14-წლამდელთა ნაკრები. მატჩი დაძაბული გამოდგა, რომლის დასკვნით ეპიზოდში კაუნასელი კაიუს კუბლიცისკასის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე “ჟალგირისმა” მოიგო. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა კუბლიცისკასმა 30 ქულა მოინაგრა, თუმცა მთავარი ის ზუსტი სროლები იყო, რომელიც მან გადამწყვეტ მომენტში, ბოლო წუთებზე ჩააგდო.
საქართველოს ნაკრებში სამმა მოთამაშემ – ნიკა გულიაშვილმა, ლუკა ლურსმანაშვილმა და კოკა კაკულიამ – 10 ქულა დააგროვა. 7 ქულაც სამ მოთამაშემ მოინაგრა – გიორგი სულაბერიძემ, ლუკა კუჭუხიძემ და სანდრო კასაბურმა. კაუნასელებმა დიდებულად ითამაშეს დაცვაში და ქართველები მაქსიმალურად შეზღუდეს, რასაც დასკვნით ეპიზოდში მათი ლიდერის ზუსტი სროლებიც დაემატა და ლიტუვურმა გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა.
დაჯილდოვების ცერემონიალზე მეორე ადგილზე გასული საქართველოს ნაკრები მედლებით აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გოდერძი კორძაძემ დააჯილდოვა. ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშედ ცოტნე ვაშაყმაძე დასახელდა და მას სპეციალური პრიზი გადაეცა.
კაუნასელთა შორის საუკეთესოდ, ცხადია, კაიუს კუბლიცისკასი დასახელდა, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ბადრი ნაკაშიძემ დააჯილდოვა. მანვე გადასცა კაუნასელებს პირველი ადგილის მფლობელთათვის განკუთვნილი ოქროს მედლები.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, კაუნასის “ჟალგირისის” მსროლელი კაიუს კუბლიცისკასი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვა.
საჩემპიონო თასი კაუნასელებს აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გოდერძი კორძაძემ გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირი საქართველოს ეროვნული და აჭარის რეგიონალური ფედერაციების ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. შავი ზღვის თასი ტრადიციული გახდება და აჭარის დედაქალაქში ყოველწლიურად ჩატარდება.
საქართველო U14 – ჟალგირისი U14
სტატისტიკა: 65:76