გათამაშების ფორმატი და მონაწილე გუნდები

გათამაშების ფორმატი და მონაწილე გუნდები

 

კიდევ ორმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელშიც ჯამში 48 გუნდი (24 თითოეულში ) მონაწილეობს. 3 მაისს დიღმის არენზე 16-წლამდელთა B ლიგის თამაშები გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ამ ასაკში A ლიგა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რაც  შეეხება 14-წლამდელებს, B ლიგის თამაშები სტარტს ხვალიდან აიღებს.

შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ პირველი სეზონი, როცა ასაკობრივი ჩემპიონატები ახალი სისტემით ტარდება, რომელშიც A ყველაზე ძლიერი, უმაღლესი ლიგაა და მისი გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონი გახდება. შემდეგ მოდის B ლიგა და შემდეგ არის C. 

16 და 14 წლამდელთა B ლიგებში გუნდების რაოდენობაც იდენტურია და გათამაშების ფორმატიც. აღნიშნულ ჩემპიონატებში მონაწილე 24-24 გუნდი 4 ჯგუფშია გადანაწილებული. თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში (მეოთხედფინალში) 2-2 საუკეთესო გადის. ფინალის გარდა, ყველა საპლეიოფო სტადიაზე სერია 2-მატჩიანია. B ლიგების ფინალური სერია კი 2 მოგებამდეა.

14 და 16 წლამდელთა ლიგების გამარჯვებული გუნდები მომავალი სეზონის A ლიგის საგზურებს მიიღებენ (A ლიგაში ბოლო, მე-14-ადგილოსნებს ჩაანაცვლებენ). ფინალში დამარცხებული და მე-3 ადგილოსანი გუნდები შესაბამისად A ლიგის 13 და 12 ადგილების მფლობელებს საკვალიფიკაციო რაუნდში შეხვდებიან A ლიგის კიდევ 2 საგზურისთვის.

აღსანიშნავია, რომ B ლიგის ის გუნდები, რომელთა საკალათბურთო სკოლასაც A ლიგაში უკვე ჰყავთ წარმომადგენელი, თუ უმაღლესიდან არ გამოვარდებიან, მეორე გუნდით A ლიგაში ვერ გადავლენ. ასეთი გუნდები B ლიგის პლეი ოფს ბოლომდე ითამაშებენ საპრიზო ადგილების დასაკავებლად, თუმცა A ლიგის საგზური რიგითობით მომდევნო იმ გუნდს ერგება, რომელიც უმაღლესში ანაცვლების კრიტერიუმს აკმაყოფილებს.