შენგელიას 17 ქულა ვალენსიასთან და ესპანეთის ჩემპიონობის შანსი

შენგელიას 17 ქულა ვალენსიასთან და ესპანეთის ჩემპიონობის შანსი

თორნიკე შენგელია ფინალშია და ესპანეთის ჩემპიონობისთვის “ბარსელონას” შეასკდება. ქართველმა ფორვარდმა ნახევარფინალურ მატჩში ბასკონიას ულიდერა და საკმაოდ მძლავრი “ვალენსია” დაძაბულ ბრძოლაში – 75:73 დაამარცხებინა. 

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 26:52 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ამ მხრივ, ის მხოლოდ სლოვენიელ ზორან დრაგიჩს (25) ჩამორჩა, რომელმაც 21 ქულა მიითვალა.

ფინალში ბასკონიელების მეტოქე კატალონიური “ბარსელონა” იქნება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში თად მაკფადენის “ბურგოსი”98:84 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა მოთამაშემ 27 წუთში 10  ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 

ფინალური მატჩი ბასკონიასა და ბარსელონას შორის 30 მაისს გაიმართება.