თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია!

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია!

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! ვალენსიაში, კორონავირუსის გამო ცარიელ დარბაზში ჩატარებულ ფინალურ მატჩში “ბასკონიამ” დაძაბულ ბრძოლაში – 69:67 დაამარცხა “ბარსელონა” და ოქროს მედალის მფლობელი გახდა. ბასკონიელები მეოთხედ გახდნენ ესპანეთის ჩემპიონები. ვიტორიულმა კლუბმა ტიტული ბოლოს 10 წლის წინ მოიგო, როცა გუნდს, დღევანდელის მსგავსად, დუშკო ივანოვიჩი წვრთნიდა. 

თორნიკე შენგელია გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონობა მოიგო. მთელი სეზონის მანძილზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 3 თვით იყო შეჩერებული და 17 ივნისს, საგანგებო კალენდრით განახლდა, შენგელია ბასკონიელებს ლიდერობდა. ქართველის კაპიტნობით ვიტორიულმა კლუბმა აღმავლობით ჩაატარა ფინალური ეტაპი და ბარსელონასთან ჯგუფში დამარცხების შემდეგ კატალონიელებს რევანში ფინალურ დაპირისპირებაში აუღო.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მან 33:11 წუთში 14 ქულა ჩააგდო. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე იყო ასევე 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება. შენგელიასთან ერთად ჩემპიონობა მოიგო ქართული პასპორტის მქონე მეტ ჯენინგმაც, რომელმაც 19:38 წუთში 8 ქულა მიითვალა (თითო მოხსნა და პასი). 

ფინალის MVP ბასკონიას არგენტინელი ლეგიონერი ლუკა ვილდოსა გახდა (17 ქულა). ბარსელონაში საუკეთესო იყო ფრანგი ერტელი 21 ქულით. რაც შეეხება ნიკოლა მიროტიჩს, რომლის ვიზავიც შენგელია იყო, სულ რაღაც 8 ქულა ჩააგდო.