ქალთა კალათბურთი: ეროვნული ნაკრების შექმნა და ეროვნული ჩემპიონატების სიახლეები

ქალთა კალათბურთი: ეროვნული ნაკრების შექმნა და ეროვნული ჩემპიონატების სიახლეები

გუშინ დიღმის არენაზე 14 წლამდე გოგონათა ჩემპიონატის 3 მატჩი გაიმართა. ეს გახლავთ გოგონათა ტურნირი, რომელიც 10 გუნდი მონაწილეობს, არადა, რამდენიმე წელია, ამ ასაკში ჩემპიონატი არ ტარდებოდა. ამდენი დაბალასაკობრივი გუნდის ასპარეზზე გამოსვლა მომავლის იმედს იძლევა – ორასამდე მოზარდი კალათბურთელი გოგონა ხომ ნანატრი ეროვნული ნაკრების შევსების წყაროა. იმ ნაკრების, რომელმაც არსებობა 1997 წელს შეწყვიტა და რომელიც ცოტა ხნის წინ, ეროვნული ფედერაციის ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კახა შენგელიას ძალისხმევით შეიქმნა.

მართალია, ჯერ ნაკრების ძირითადი ბირთვი, რომელიც საზღვარგარეთ თამაშობს, არ შეკრებილა, თუმცა საქართველოში მოთამაშე კანდიდატებმა რამდენიმე ვარჯიში ნუგზარ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარეს. ბატონი ნუგზარი გახლავთ დამსახურებული მწვრთნელი, რომელსაც ქართულ ქალთა კალათბურთში ყველაზე დიდი გამოცდილება გააჩნია და რომელიც საქართველოს განახლებულ ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის.

ეროვნულ ნაკრების შექმნასთან ერთად, ქალთა კალათბურთში არაერთი საინტერესო რამ ხდება, რაზეც ფედერაიის ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, წარსულში ცნობილი კალათბურთელი, კახა შენგელია გვესაუბრება…

ეროვნული ნაკრების აღორძინება

ეროვნული ნაკრები ვერ შეიქმნებოდა, რომ არა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობის მხარდაჭერა. მოხდა იდეების შეჯერება, რა თქმა უნდა, დაინტერესდნენ, გვაქვს თუ არა რესურსი, შეგვიძლია, თუ არა, რომ თავი მოვუყაროთ კონკურენტუნარიან შემადგენლობას. მე დავარწმუნე, რომ ამის რესურსი გაგვაჩნია და საბოლოოდ გადაწყდა ნაკრების შექმნა, დაინიშნა მწვრთნელი და ეროვნული გუნდისთვის სათამაშო ფორმებიც კი შეკვეთილია.

რა თქმა უნდა, მარტო ასეთ საქმეს ვერ შეეჭიდები და ქალთა კალათბურთში დიდი გამოცდილების მქონე ნუგზარ ჭეიშვილი ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რომელმაც 2 კვირის განმავლობაში ვარჯიშებიც ჩაატარა იმ კონტინგენტის შესარჩევად, რომლებსაც შეუძლიათ უცხოეთში მოთამაშე ქართველებს ნაკრებში დაეხმარონ. ამ საქმეში დიდი დახმარებას გვიწევს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე და დიდი გამოცდილების მწვრთნელი, ფედერაციაში ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ლელა ცანავა.

მოგეხსენებათ, ეროვნულ ნაკრებში აბსოლუტური უმრავლესობა ლეგიონერი იქნება, რომელთა კლუბებთანაც სერიოზული მუშაობის ჩატარებაა აჭირო. ჩვენ რომც გვინდოდეს და დავრეგისტრირდეთ ეროვნული ნაკრებების C დივიზიონში სათამაშოდ, ელემენტარულად არ ვიცით, გვეყოლებიან თუ არა იმ პერიოდში ამერიკაში, თუნდაც ევროპაში მოთამაშე ქართველი გოგონები.

ზოგს როგორი კონტრაქტი აქვს, ზოგსაც როგორი. შესაძლოა, კლუბმა არ გამოუშვას მოთამაშე, რისი პრეცედენტიც ასაკობრივში უკვე გვქონდა ერთ მოთამაშესთან დაკავშირებით, რომელიც მოლაპარაკების საფუძველზე მოგვარდა. ასე ინდივიდუალურად უნდა დაველაპარაკოთ ყველა იმ კლუბს და კონტრაქტში ის პირობა შევატანინოთ, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოუშვან. ზოგიერთს კონტრაქტი უმთავრდება, ზოგს საერთოდ არ ვიცით, აქვს თუ არა ხელშეკრულება. იმის თქმა მინდა, რომ სანამ რამეს დავგეგმავთ და თამაშებზე გადავალთ, იურიდიული მხარეა მოსაწესრიგებელი. საკმაოდ დიდი სამუშაოა საწარმოებელი.

 

ეროვნული ნაკრების კონკრეტული გეგმა

ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია ნაკრების ყველა კანდიდატის თავმოყრა, სრულფასოვანი შეკრების ჩატარება და მინიმუმ 2 ამხანაგური მატჩის გამართვა, რის შემდეგაც დავინახავთ, რა შეგვილია, რა დონის გუნდი გვყავს, რისი ამბიცია უნდა გვქონდეს და ასე შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება მანამ, სანამ სეზონი არ დასრულდება. მანამდე კი საქართველოში მყოფი სანაკრებო თვალსაზრისით პერსპექტიული კალათბურთელები პერიოდულად ივარჯიშებენ. თუმცა ერთხელაც აღვნიშნავ, შეკრების დაწყებამდე ლეგიონერთა კლუბებთან გვაქვს იურიდიული საკითხები შესათანხმებელ-მოსაგვარებელი.

ასაკობრივი ნაკრებები

მოგეხსენებათ, მომავალ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატებზე 16 და 18 წლამდელებში წარვდგებით – ორივე ნაკრები C დივიზიონში იასპარეზებს. სამწუხაროდ, არ გვყავს 20-წლამდელთა ნაკრები, რაც ობიექტური მიზეზებითაა განპირობებული.

არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, თუმცა აქამდე ასაკობრივი ნაკრებები არასწორად იყო შედგენილი. გვყავდა 16 და 20 წლამდელები და არ გვყავდა 18-წლამდელები. ესეთი წყვეტა გაუმართლებელი იყო და შედეგიც სახეზეა. არ გვყავს 19-20 წლის ისეთი გაქანების გოგონები, რომლებიც ნაკრებს შეავსებდნენ. ერთადერთი ეკა წივწივაძეა, რომელსაც ამ ასაკში თამაში უწევს. ლიკა კვირკველიაც კი 19 წლისაა. რა თქმა უნდა მას და კიდევ არაერთ 16, 17 ან 18 წლის მოთამაშესაც შეუძლია თამაში, მაგრამ ეს არაა სწორი. აქამდე ნაკრებს 3-4 წლით უმცროსი კალათბურთელებით ავსებდნენ რათა 20-წლამდელებში ეასპარეზათ, მაგრამ რაც წინა წელს მოხდა, ცოტა არ იყოს, უხერხულია. ჩვენმა 20-წლამდელთა ნაკრებმა ძალიან დიდი ანგარიშებით წააგო, რაც საერთაშორისო პრესტიჟის შელახვას რომ თავი დავანებოთ, მოთამაშეებისთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა, რამაც შესაძლოა მათ მომავალ კარიერაზე უარყოფითად იმოქმედოს.

ასაკობრივი ჩემპიონატები

20-წლამდელთა ასაკში მოთამაშეთა დეფიციტზე უკვე მოგახსენეთ და არაა გასაკვირი, რომ ჩემპიონატი არ ტარდება. ამ ასაკის გოგონები უმეტესად კარიერას თავს ანებებენ – იწყებენ მუშაობას, ოჯახს ქმნიან და ასე შემდეგ. არ გვინდა, ამ ასაკში ხელოვნური ტურნირი ჩავატაროთ, რომელში მონაწილე გუნდებს მხოლოდ ორი-სამი შესაბამისი ასაკის გოგონა ეყოლება. საერთოდ ავკრძალეთ, 3-4 წლით უფროს ასაკებში რომ გამოჰყავდათ ბავშვები. ესეთი ხელოვნურობა არაფერ კარგს არ მოიტანს. ყველამ თავის ასაკში უნდა ითამაშოს. მაქსიმალური ზღვარი 2 წელია, ანუ 14-წლამდელი მაქსიმუმ 16-წლამდელებში გამოვა და ასე – შესაბამისად.

ამ სეზონიდან პირველად ტარდება საქართველოს ეროვნული ასაკობრივი ჩემპიონატები. აქამდე მოკლე ტურნირები ტარდებოდა და ამას არ ჰქონდა რეგულარული ჩემპიონატის სახე. მე პირადად ფედერაციაში წლინახევრის წინ მოვედი და სეზონი რომ არ დაგვეკარგა, ჩავატარეთ ასევე მინი-ტურნირები, რათა მომავალი სეზონისთვის ერთგვარი შერჩევა მოგვეწყო. გვენახა, რა ვითარება აყო ასაკებში და შემდეგი, ანუ მიმდინარე სეზონისთვის ასაკობრივი ტურნირების მასშტაბურობა განგვესაზღვრა. დაინტერესება დიდი იყო – გუნდებს აინტერესებდათ, ჩატარდებოდა თუ არა რეგულარული ჩემპიონატები თუ ეს იქნებოდა კვლავ მოკლე, ერთჯერადი ტურნირები. ყველას ვარწმუნებდი, რომ მომავალი სეზონიდან ქვეყნის სრულმასშტაბიანი, რეგულარული ჩემპიონატები ჩატარდებოდა და ასე მივიღეთ 14, 16 და 18-წლამდელთა პირველობები, რომლებშიც ჯამში 26 გუნდი მონაწილეობს.

წლეულს დავიწყეთ 14-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობს. ეს უკვე არის დიდი რესურსი და რამდენადაც ვიცი, კიდევ უფრო ბევრი პატარა გოგონა დადის რეგიონებში კალათბურთზე. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ეროვნული ნაკრები, რომელიც 27-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ შეიქმნა, რამდენიმე წელში სოლიდურ შევსებას მიიღებს.

თამაშების რაოდენობა

გვინდა, რომ ასაკობრივ ჩემპიონატებში რაც შეიძლება მეტი მატჩი ჩავატაროთ, მაგრამ ობიექტური რეალობა ისაა, რა რაოდენობის მატჩებიც გვაქვს. რეგიონის გუნდებს მუნიციპალიტეტები აფინანსებენ და უმეტესობას არ აქვს იმის საშუალება, რომ დედაქალაქს ხშირად ესტუმროს. კარგი, დავგეგმავთ არა 2-ს, არამედ 4 ან თუნდაც 8 წრეს, მაგრამ თუ გუნდები თამაშების ჩასატარებლად ვერ ჩამოვიდნენ, რა აზრი ექნება?! კი ბატონო, არის რამდენიმე შეძლებული გუნდი, რომელსაც ტრანსპორტირების პრობლემა არ აქვს, მაგრამ ასეთი მხოლოდ 20 პროცენტია – დანარჩენებს თითოეული გასვლითი მატჩი წინასწარ, შესაძლებლობის ფარგლებში აქვთ დაგეგმილი.

როლანდ გელოვანის მემორიალი

გასულ თვეში როლანდ გელოვანის ხსოვნის ტურნირი ჩავატარეთ და გვსურს, რომ მემორიალმა ტრადიციული ხასიათი მიიღოს. ამ კაცის დამსახურება დიდია ქალთა კალათბურთში და მისი სახელის უკვდავსაყოფად კარგი იქნება, თუკი მისი ხსოვნის ტურნირს ყოველწლიური ხასიათი მიეცემა. ამით თამაშების რაოდენობაც გაიზრდება.