თბილისსა და თელავში დღეს 18 წლამდელთა ჩემპიონატის უმაღლესი – “ა” ლიგის 5 მატჩი გაიმართა. თელავში სათამაშოდ “ქუთაისი” ჩავიდა და დაძაბულ ბრძოლაში – 70:73 დამარცხდა. თელავს პლეი ოფში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი შერჩა, რომელსაც მაქსიმალურად ეჭიდება. კახურმა გუნდმა პლეი ოფში უკვე გასული, “ა” ჯგუფში მე-2 ადგილზე მყოფი ქუთაისელები დიდ ბრძოლაში დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა “ა” ლიგაში 14 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. 2 წრის შემდეგ, ანუ როცა გუნდები 12 ტურს მოილევენ, თითოეულის ჯგუფის 4 საუკეთესო პლეი ოფში გავა. მეოთხედფინალში გუნდები ჯვარედინად დაწყვილდებიან: A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მე-4 ადგილზე გასულს შეხვდება და ასე შემდეგ: A2 – B3, B2 – A3, B1 – A4.
რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლაც გამძაფრებულია. ოლიმპიურ სასახლეში გამართული ოთხივე მატჩი ამ კუთხით მეტად საინტერესო იყო. A ჯგუფში უშუალო კონკურენტები – ზაზა 1 და ოვერტაიმი შეხვდნენ და შეხვედრას თითქმის თავიდან ბოლომდე ოვერტაიმი იგებდა. ზაზას აკადემიელებმა ანგარიში ბოლოსწინა წუთზე გაათანაბრეს და ბოლო წამებზე მეტოქის შეცდომებით ისარგებლეს – 74:69 იმარჯვეს და პლეი ოფში გამსვლელ მე-4 ადგილზე დამკვიდრდნენ. აღსანიშნავია, რომ უკვე ცნობილია A ჯგუფიდან პლეი ოფში გამსვლელი 4 გუნდიდან 3 – რუსთავი, ქუთაისი და ორბი. მე-4 საგზურისთვის ზაზა 1, ოვერტაიმი და თელავი იბრძვიან. კახურ გუნდს გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი გააჩნია.
ამავე ჯგუფში მე-3 ადგილი გაიმყარა ორბმა, რომელმაც აუტსაიდერი მაკაბი 79:57 დამარცხა. რაც შეეხება B ჯგუფელებს, ლიდერმა თბილისი ბასკეტი 1-მა საკმაოდ დიდი წინააღმდეგობის ფონზე სოხუმის კოლხა 85:78 დაამარცხა. თბილისი ბასკეტი 8 მოგებითა და 3 მარცხით კი პირველ ადგილზეა, მაგრამ ამ ჯგუფისა და სრულიად “ა” ლიგის უპირობო ფავორიტი ვინგსია, რომელსაც 9-დან 9 მოგება აქვს და მხოლოდ იმიტომაა მე-2 ადგილზე, რომ ოპონენტებზე 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ვინგსმა დღეს დინამო არ დაინდო და 103:70 სძლია. თავის მხრივ, დინამო მე-4 ადგილზეა და პლეი ოფი გარანტირებული აქვს. ანუ B ჯგუფიდან პლეი ოფში გამსვლელი ოთხივე გუნდი – თბილისი ბასკეტი, ვინგსი, ბასკო, დინამო – ცნობილია.
დღეს და აქამდე ჩატარებული ყველა მატჩის შედეგი (სტატისტიკებით) ნახეთ 18-წლამდელთა ჩემპიონატისთვის განკუთვნილ გვერდზე.