საქართველოს 18-წლამდელთა რეგულარულმა ჩემპიონატმა ეკვატორს გადააბიჯა. გუნდებმა პირველი წრე მოილიეს, ორმა მათგანმა კი მეორე წრეში შეაბიჯა. შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა პირველობა, ისევე როგორც სხვა ასაკობრივი ჩემპიონატები სიძლიერის მიხედვით 3 დივიზიონად (ლიგებად) იყოფა. უმაღლესი გახლავთ A ლიგა, რომლის გამარჯვებულიც ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონი გახდება და სწორედ ამ ლიგაზე გვაქვს ამჯერად საუბარი.
პირველი წრე წაუგებლად დაასრულა ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაიმ, რომელმაც 13-ივე მატჩი მოიგო. შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა A ლიგაში მონაწილე 14 გუნდი ერთ ჯგუფშია თავმოყრილი და რეგულარულში, სანამ პლეი ოფი დაიწყებოდეს, 2 წრედ თამაშობენ. შესაბამისად, რეგულარულ ჩემპიონატში თითოეულ გუნდს 26 მატჩი აქვს ჩასატარებელი.
პირველი წრის 13 მატჩში ერთადერთი მარცხი (ჰიუნდაისთან, თავისთავად) განიცადა რუსთავმა. ოთარ ხმელიძის გაწვრთნილმა გუნდმა არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი გამართა და ჰიუნდაისთან ერთად ჩემპიონობის ერთ-ერთ მაძიებელია. ჰიუნდაისა და რუსთავის შემდეგ 13-დან 3 წაგებით მოდის გასული წლის ჩემპიონი ვინგსი, რომელმაც არაერთი მოთამაშე დაკარგა და პოზიცია შედარებით შეუსუსტდა.
პლეი ოფის ზონაში მყარად არიან ზაზა ფაჩულიას აკადემია (9 მოგება, 4 წაგება) და ანალოგიური შედეგის მქონე თბილისი ბასკეტი. პლეი ოფში 2 წრის თავზე 8 საუკეთესო გავა, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდებიან. პირველზე მყოფი მე-8 ადგილზე გასულს შეხვდება, მორე – მეშვიდეს, მესამე – მეექვსეს და მეოთხე – მეხუთეს.
მორიგი, მე-14 ტურის მატჩები 18 და 19 მარტს ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.