18-წლამდელთა ჩემპიონატის ა ლიგის წილისყრით 14 გუნდი 2 ჯგუფში განაწილდა

18-წლამდელთა ჩემპიონატის ა ლიგის წილისყრით 14 გუნდი 2 ჯგუფში განაწილდა

დღეს, ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა, რომელმაც “ა” ლიგის მონაწილე 14 გუნდი 2 ჯგუფში გადაანაწილა. შეგახსენებთ, რომ წლეულს ასაკობრივი ჩემპიონატები ახალი სისტემით ტარდება. 14, 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონატებში იქნება ა, ბ და ც ლიგები. 18 წლამდელებში ა ლიგაში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც 8 გუნდმა უმაღლესი ლიგის ლიცენზია მოიპოვა, დარჩენილი 6 გუნდი კი კვოტირებით რეგიონებმა შეადგინეს. 

სწორედ ამ 14 გუნდის გადანაწილება მოხდა წილისყრით, რადგან ამ სეზონის 18-წლამდელთა პირველობაზე “ა” ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი 2 ჯგუფად ჩატარდება. ანუ ა და ბ ჯგუფში იქნება 7-7 გუნდი და მომდევნო ეტაპზე თითოეულიდან 4-4 საუკეთესო გავა. დღევანდელი წილისყრა ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჯაფარიძემ ჩაატარა, რომელსაც zoom-ის საშუალებით ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მწვრთნელები დაესწრნენ.

რეგიონის გუნდები ჯგუფებში განითესნენ – A ჯგუფში ქუთაისი, რუსთავი და თელავი განთავსდნენ, ხოლო B ბათუმის ბასკო, სოხუმი და გორი. წილისყრის შედეგად დედაქალაქის 8 გუნდი ჯგუფებში გადანაწილდნენ. 18-წლამდელთა ჩემპიონატის კალენდარი უახლოეს დღეებში შედგება და რეგულარული ჩემპიონატი წარმოდგენილი ჯგუფების შესაბამისად 2 წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო 4 გუნდი მეოთხედფინალში გავა.