18-წლამდელთა ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა. თბილისი ბასკეტმა, რომელმაც გუშინ სერიის პირველი მატჩი ვინგთან ბოლო წამზე წააგო, დღეს დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილი გუნდი მთელი შეხვედრა ლიდერობდა, ლიდერობა თავიდანვე რომ მოიპოვა, თამაშის ბოლომდე აღარ დაუთმია.
ვინგსისთვის ეს გახლდათ სეზონში მეორე დამარცხება. ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი მატჩი ნახევარფინალურ სერიაში, ზაზას აკადემიასთან წააგო, დღეს კი მეორე მარცხი განიცადა. თბილისი ბასკეტმა მეტი მობილიზებითა და შემართებით ითამაშა. ორივე გუნდს გუშინდელივით ქომაგი არ აკლდა. თბილისი არენის ერთი VIP-ტრიბუნა ვინგსის ქომაგებს ჰქონდათ შევსებული, ხოლო მეორე – თბილისი ბასკეტისას. ტრიბუნებზე მთლიანობაში 1000-ზე მეტი ქომაგი იყო, რომლებიც თავიანთ საქომაგო გუნდს მხურვალედ ქომაგობდნენ და მთელი თამაშის მსვლელობისას იყო დიდი ყიჟინა.
თამაში თბილისი ბასკეტელთა გაქცევით დაიწყო, რომლებმაც საწყისი 8 წუთის შემდეგ 18:4 იგებდნენ. წუთშესვენების შემდეგ ვინგსმა თამაში გამოაკეთა, მაგრამ არა იმდენად, რომ ჩამორჩენა ბოლომდე გაებათილებინა. პირველი პერიოდი 22:9 დასრულდა, მეორეში ნიკა ბურჯანაძის გუნდმა ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა.
მიუახლოვდებოდა ვინგსი თბილისი ბასკეტს და ანატოლი ბოისა წუთშესვენებას იღებდა, რის შემდეგაც თამაში თბილისი ბასკეტისთვის სასურველ სცენარს უბრუნდებოდა. ასე გაილია მთელი თამაში, ვინგსმა ვერაფრით მოახერხა მეტოქის წამოწევა და შეხვედრა თბილისი ბასკეტის 8-ქულიანი გამარჯვებით – 64:58 (სტატისტიკა) დასრულდა.
გამარჯვებულებს ანდრია მგელაძემ ულიდერა, რომელმაც 14 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 13 ქულა მოაგროვა ბექა მაჭავარიანმა, ლევან კვირიკაძის ანგარიშზე კი 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. ვინგსში 15 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკოლოზ გურგენიძე. 13 ქულა, 8 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 პასი გიორგი ნიკოლაევის ანგარიშზეა.
ფინალური სერიის მე-3 შეხვედრა 15 მაისს, კვლავ თბილისი არენაზე, 19:40 საათზე გაიმართება.