სტატისტიკა
გალერეა 18-წლამდელთა
ჩემპიონატის გამარჯვებული გია კაზანჯიანისა და ვასილ სომხიშვილის გაწვრთნილი „აკადემია“
გახდა. ფინალურ სერიაში ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საკალათბურთო აკადემიათა
გუნდები შეხვდნენ. სერიის მეორე შეხვედრაც კაზანჯიანის გუნდის გამარჯვებით დასრულდა,
რომელმაც სერიაში მშრალი ანგარიშით – 2:0 გაიმარჯვა.
საკალათბურთო
აკადემიის გუნდმა სერიის პირველი მატჩი 10 ქულით მოიგო, მეორე შეხვედრაში კი უფრო დამაჯერებელი
სხვაობით იმარჯვა და ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. მატჩის პირველი ნახევარი დაძაბულ
ბრძოლაში წარიმართა, შეხვედრა გარდამავალი უპირატეობით მიმდინარეობდა. „შსს-აკადემიის“
კალათბურთელები ტოლს არ უდებდნენ მეტოქეს და დროგამოშვებით ლიდერობასაც ეუფლებოდნენ.
გადამწყვეტი გამოდგა
მესამე პერიოდი და მეოთხეს საწყისი წუთები. აღნიშნული 10-წუთეული აკადემიელებმა
27:14 მოიგეს და ბოლო პერიოდს 17-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ. კაზანჯიანის გუნდმა ტემპი
არ დააგდო და დასკვნითი მეოთხედის საწყისი 5-წუთიანი მონაკვეთიც მოიგო და 23 ქულით
გალიდერდა. ყველაფერი აქ გადაწყდა. აკადემიელები მოდუნდნენ და შსს-ელებმა დარჩენილ
წუთებში ჩამორჩენის 7 ქულამდე შემცირება მოახერხეს. საბოლოოდ, 73:66 და „საკალათბურთო
აკადემია“ საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონებს საბა
აკობიამ ულიდერა, რომელიც შეტევაშიც შედეგიანი იყო- 15 ქულით ბომბარდირი გახდა – და
დაცვაშიც გამორჩეული შედეგი დააფიქსირა – 8 ჩაჭრა. 13 ქულით და 12 მოხსნით ნიკა დარბაიძე
გამოირჩა, ხოლო ნიკა ლეონიძემ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. აღსანიშნავია ლუკა გიორგაძის
გარჯაც, რომელმაც 9 ქულა, 12 მოხსნა და 5 ჩაჭრა დააგროვა. დამარცხებულთაგან 25 ქულით
საუკეთესო ბილი ალიევი იყო.
ვერცხლის პრიზიორები
და ჩემპიონები მედლებითა და სიგელებით ვეტერანმა კალათბურთელებმა – გივი ბიჭიაშვილმა,
ანტონ კაზანჯიანმა და ვალერი ლომაძემ დააჯილდოვეს. გამარჯვებულებმა დაიმსახურეს ჩემპიონისთვის
დაწესებული სპეციალური თასიც, რომელიც დიდი ქართველი კალათბურთელების – ანზორ ლეჟავასა
და რევაზ გოგელიას სახელობისაა.
ჩემპიონი გუნდის
კაპიტან გიორგი ცხოვრებოვს საჩემპიონო თასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – ალეკო პეტრიაშვილმა გადასცა.