სტატისტიკა გალერეა
საკალათბურთო კლუბი “აკადემია” ჩემპიონია.
18-წლამდელთა პირველობის ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში ირაკლი ტომარაძის
გაწვრთნილმა აკადემიელებმა 165-ე სკოლის გუნდი “მართვე” დაამარცხეს და ოქროს
მედლებს დაეუფლნენ.
18-წლამდელთა ჩემპიონისთვის დაწესებულ გარდამავალ თასთან
ერთად “აკადემიამ” ცნობილი ვეტერანი კალათბურთელების – ანზორ ლეჟავასა და
ილარიონ ხაზარაძის სახელობის თასიც ჩაიბარა. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით,
ყველა ასაკობრივი ჩემპიონატის გამარჯვებულისთვის მიმდინარე სეზონში დაწესდა ვეტერანი
კალათბურთელების სახელობის თასები, რომელთაგან პირველი აკადემიელებმა მოიგეს.
რაც შეეხება საჩემპიონო მატჩს, ის “მართვეს”
18-ქულიანი გამარჯვებით – 81:63 დასრულდა. სხვაობა კი სოლიდურია, თუმცა აკადემიელებს
მატჩი იოლად
არ მოუგიათ. ბოლო მეოთხედამდე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. სხვაობა აკადემიელთა
სასარგებლოდ 3-4 ქულას შეადგენდა, ხოლო ბოლო მეოთხედის დაწყებიდან რამდენიმე წუთში
ტომარაძის გუნდმა სრული უპირატესობა მოიპოვა. მატჩის ბედიც მალევე გაირკვა –
“აკადემიამ” 20-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვებულიც გამოვლინდა.
ჩემპიონებში 17 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ბულაშვილი,
ხოლო ლუკა გიორგაძემ 15 ქულითა და 20 მოხსნით გამარჯვებისთვის საკმაოდ დიდი წილი დაიდო.
15 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ნიკა დარბაიძემ. “მართვეს” ლიდერმა
დავით დოლიძემ 23 ქულა მიითვალა, ხოლო სოსო გოგნაძემ პირად ანგარიშზე 14 ქულა და 7
მოხსნა ჩაიწერა.
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი.
ასაკობრივი ლიგების პარტნიორმა „ბრიტანულმა ცენტრმა“
თავისი რჩეული ინგლისური ენის 3-თვიანი უფასო ვაუჩერით დააჯილდოვა, რომელიც დავით აფხაზავა გახდა. მეორეადგილოსანი “მართვე” და ჩემპიონი
“აკადემია” კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ
ბოისამ დააჯილდოვა. ვეტერანთა სახელობის თასი კი აკადემიელებს ვეტერანმა კალათბურთელებმა
– ვალერი ლომაძემ და ანტონ კაზანჯიანმა გადასცეს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ტომარაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
ძალიან ბედნიერები ვართ. პირველ რიგში, მაინც წარმატებულად ვთვლი ,,მართვეს’’ გამოსვლას,
სეზონის დასაწყისში არ იყვნენ ფავორიტები, თუმცა ფინალში გავიდნენ, აქაც ბოლომდე იბრძოლეს
და არ მინდა დავუკარგო წარმატება, ძალიან მაგარი ბიჭები არიან. ჩემს გუნდს კი ვულოცავ
ჩემპიონობას და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ უკვე 20-წლამდელთა ჩემპიონატში.
ხათუნა გაბედავა(,,მართვე 165-ე სკოლის’’ მთავარი მწვრთნელი):
კარგი თამაში იყო. მივულოცავ ირაკლის და მთელ ,,აკადემიას’’ გამარჯვებას და წარმატებებს
ვუსურვებ.
დავით აფხაზავა(,,აკადემია’’): ხუთივე თამაში
საკმაოდ დაძაბული იყო. ვფიქრობ, შეგვეძლო უკეთ გვეასპარეზა და უფრო მარტივად მოგვეგო,
თუმცა მაინც კმაყოფილები ვართ და ვულოცავ ჩემს გუნდს ამ წარმატებას.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი (www.worldsport.ge)