დღეს ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის 5 მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში “ზაზა 2″-მა” “მართვე” დამაჯერებლად – 98:67 დაამარცხა, რის შემდეგაც ერთმანეთს ჩემპიონატის ფავორიტთა შორის მყოფი გუნდები – “დინამო” და “ორბი” შეხვდნენ. თამაშის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც დინამოელებმა 20:7 მოიგეს და საბოლოოდ 16 ქულის სხვაობით იმარჯვეს.
“დინამოში” 17 ქულით ბომბარდირი გეგა ჭაბუკიანი გახდ,ა 13 ქულა და 5 მოხსნა ვლადიმერ თავაქარაშვილმა მოაგროვა. “ორბში” საუკეთესო იყო ნიკა გურგენიძე, რომელმაც 21 ქულა მიითვალა.
დღევანდელი დღის ყველაზე შთამბეჭდავი შედეგი “ზაზას აკადემიის” პირველი გუნდის მსროლელმა – გიორგი ბიჭიაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს (თსსუ) 3 პერიოდში 9-დან 9 სამქულიანი ჩაუგდო. ბოლო პერიოდში ბიჭიაშვილს მიზანი რამდენჯერმე აუცდა, შეხვედრა კი 15-დან 10 სამიანით და 38 ქულით დაასრულა. საინტერესოა, რომ ბიჭიაშვილის გარდა მის გუნდში 10-ქულიან ზღვარს ვერავინ შესწვდა, “ზაზამ” კი მატჩი 92:57 მოიგო. დღის ბოლო მატჩში “აკადემიამ” 80:39 დაამარცხა “აფხაზეთი”.
18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური 7 თებერვალს გაიმართება, მანამდე კი 1 თებერვალს “რუსთავი” “თელავს” უმასპინძლებს.
მიმდინარე ჩემპიონატის მატჩების სტატისტიკა: http://gbf.ge/league/u18/schedule#mbt:275-303$t&0=1