დინამომ ჰიუნდაიც დაამარცხა და U18 ჩემპიონატს დაუმარცხებლად ლიდერობს

დინამომ ჰიუნდაიც დაამარცხა და U18 ჩემპიონატს დაუმარცხებლად ლიდერობს

გრძელდება საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი და გრძელდება “დინამო თბილისის” დომინაცია. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა დინამოელებმა დღეს ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგეს და გათამაშებას დაუმარცხებლად ლიდერობენ. 

წინა მატჩებისგან განსხვავებით, დინამოს დღევანდელ ძალიან გაუჭირდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაიმ დინამოელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ბოლო წუთებამდე მოგების შანსს ინარჩუნებდა. დასკვნით წუთებზე გათამაშების ლიდერმა მაინც მოახერხა მებრძოლი ჰიუნდაელების გატეხვა და 85:72 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.

დინამოელებს 12 ქულით, 6 პასით და 5 მოხსნით მათე კაპანაძემ ულიდრა. ბომბარდირი კი ვლადიმერ თავაქარაშვილი გახდა 19 ქულით. ჰიუნდაიში 21 ქულა ჰქონდა ჯაბა ჯმუხაძეს, საბა გურგენიძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. დინამოს მდევარმა ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდმა კი “მართვე” დაამარცხა – 82:65 (სტატისტიკა)აკადემიელებს არ გასჭირვებიათ თამაშის მოგება – ირაკლი მაისურაძისა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა ზაზამ მართველებს მიმდინარე სეზონში მე-3 მარცხი აგემა და თავად 6 მოგებითა და 1 წაგებით ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

ზაზას აკადემიაში 21 ქულით ბომბარდირი გახდა გიორგი მახნიაშვილი, ხოლო ლუკა ქუტიძემ სამმაგი დუბლი შეასრულა – 17 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი. მართველებში 17 ქულითა და 18 მოხსნით ნიკა რატიანი გამოირჩა, გიორგი სიმონიშვილმა კი პირად ანგარიშზე 15 ქულა ჩაიწერა.

სამმაგი დუბლი მიითვალა ნიკოლოზ ბობოხიძემაც, ვისმა “ვინგსმაც” დიდი სხვაობით – 98:65 (სტატისტიკა) დაამარცხა “აკადემია 2”. ბობოხიძემ 10 ქულა, 12 პასი და 11 მოხსნა მოაგროვა, 26 ქულით კი ბომბარდირი ნიკოლოზ ბობოხიძე გახდა. 

დიდი ბრძოლა გაიმართა “სოხუმისა” და “ქუთაისი 2”-ის დაპირისპირებაში. პირველი ტაიმის შემდეგ ალექსი ქაჯაიას გაწვრთნილი სოხუმელები 12 ქულით იგებდნენ, თუმცა მესამე პერიოდი 16:26 წააგეს, დასკვნით ათწუთეულში კი ლიდერობის შესანარჩუნებლად ძალები აღარ ეყოთ – 73:69 (სტატისტიკა) ქუთაისელთა სასარგებლოდ, რომლებსაც 18 ქულითა და 12 მოხსნით როლანდ დევიძემ ულიდერა. “სოხუმში” 26 ქულით ლაზარე კოტორაშვილი გამოირჩა. 

მეორე გუნდისგან განსხვავებით, ვერ იყოჩაღა ქუთაისელთა პირველმა გუნდმა. იმერული კლუბი “აკადემიასთან” უშანსოდ – 65:98 (სტატისტიკა) დამარცხდა. გამარჯვებულებს 24 ქულით გიორგი კობახიძემ ულიდერა. 19 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი ჰქონდა ნიკა ნუცუბიძეს. ქუთაისელთაგან კი 26 ქულითა და 13 მოხსნით მერაბ შენგელია გამოირჩა.

18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩი 15 თებერვალს, რუსთავში გაიმართება ადგილობრივ გუნდსა და “ქუთაისს” შორის.