„დინამოსა“ და „შსს-აკადემიას“ შორის გამარჯვებულს მესამე,
გადამწყვეტი მატჩი გაარკვევს.
მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრა დღეს სპორტკომპლექს
„არენაში“ დინამოელებმა მოიგეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს – 1:1.
მატჩის ბედი დინამოელმა სნაიპერებმა გადაწყვიტეს. გამოსარჩევია
ლევან ანთაძე, რომელმაც მეორე მეოთხედში 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და „დინამოს“
პერიოდი 29:13 მოაგებინა. პირველი ათწუთეულის შემდეგ „შსს-აკადემია“ 19:13 იგებდა,
თუმცა ანთაძის ხსენებული სამქულიანებისა და ზეზვა ლილუაშვილის შედეგიანობის ხარჯზე
დიდი შესვენებისთვის დინამო 10 ქულით დაწინაურდა – 42:32.
მესამე პერიოდში ანთაძემ კიდევ 2 სამიანი ჩააგდო, ხოლო
ლილუაშვილი თავიდანვე დაწყებულ შედეგიან თამაშს აგრძელებდა და მალე დინამოელთა უპირატესობამ
20 ქულას მიაღწია. თამაში ისე ჩამთავრდა, აკადემიელებს წარმატების შანსი არ მისცემიათ.
32 ქულით საუკეთესო იყო ზეზვა ლილუაშვილი, 7 სამქულიანის
მიმთვლელმა ანთაძემ კი მთლიანობაში 25 ქულა ჩააგდო. ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 13 მოხსნა
ჰქონდა გიორგი თვალაბეიშვილს. „შსს-აკადემიაში“ 26 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო
გურამ კენჭიაშვილი გახდა, 14 ქულითა და 11 პასით დაასრულა შეხვედრა ლევან გორდულაძემ.
სერიის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 29 ან 30 აპრილს გაიმართება. ზუსტი თარიღი და დრო უახლოეს მომავალში დადგინდება.