ჰიუნდაი საქართველოს ჩემპიონია

ჰიუნდაი საქართველოს ჩემპიონია

„ჰიუნდაი“ საქართველოს ჩემპიონია! ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის
გუნდმა რუსთავში 1 ქულის სხვაობით – 72:71 იმარჯვა და 18-წლამდელებში პირველად გახდა
ჩემპიონი.

მატჩი, განსაკუთრებით კი მისი ბოლო წუთები ძალიან დაძაბული
იყო. „ჰიუნდაი“ მე-6 წუთისთვის 13:2 რომ დაწინაურდა, მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდა.
ჩერქეზიშვილის გუნდი პირველი მეოთხედის შემდეგ 6 ქულით იგებდა, დიდ შესვენებაზე კი
4-ქულიანი ლიდერობით გავიდა, ბოლო ათწუთეულის დაწყებამდე კი სხვაობა თბილისელთა სასარგებლოდ
8 ქულას შეადგენდა.

ჰიუნდაელები მეტოქეს სისწრაფეში და სიზუსტეში ჯობდნენ.
რუსთაველები თავის მთავარ კოზირს – შორ სროლებს და სწრაფ გარღვევებს ბოლო მეოთხედამდე
ვერ ახორციელებდნენ. ჩერქეზიშვილის გუნდი კი ამით სარგებლობდა და ლიდერობას ზრდიდა.
მატჩის დასრულებამდე 8,30 წუთით ადრე, რუსლან მამფორიას ორიანის შემდეგ ჰიუნდაელთა
უპირატესობამ 14 ქულას მიაღწია – 67:53.

რუსთაველები წაგების რეალური საფრთხის წინაშე დადგნენ
და სწორედ ამ დრო წაუვიდათ სროლა მასპინძლეთა უკანახაზელებს, რომელთა შემართებამ წინახაზელებიც
იშტაზე მოიყვანა და თამაშის დასრულებამდე 1,47 წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა –
69:69. ანუ რუსთაველებმა მომდევნო 7-წუთიანი მონაკვეთი 16:2 მოიგეს, რაც ერეკლე ლორთქიფანიძისა
და გიორგი დვალის სამქულიანების, ასევე ლევან ურიდიასა და შოთა ნარჩომაშვილის ფარქვეშა
აქტიურობის შედეგი იყო. რუსთაველებს ბრძოლის ჟინი და შემართება შეჰმატა დარბაზში ბლომად მოსულმა გულშემატკივარმა. ქიმიკოსთა დარბაზის სავსე ტრიბუნები მასპინძლებს ქომაგობდნენ, რომლებსაც ბოლო წუთებზე გამარჯვების რეალური შანსი გაუჩნდათ.

საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე კახა ტომარაძემ
უმნიშვნელოვანესი სამქულიანით ჰიუნდაელები 72:69 დააწინაურა. შემდეგ გუნდებმა არაზუსტი
შეტევები გაცვალეს და ლევან ურიდიამ დასრულებამდე 30 წამით ადრე რუსთაველთა ჩამორჩენა
მინიმუმამდე შეამცირა – 71:72. თბილისელებმა ბურთი გაათამაშეს და ტომარაძემ სირენამდე
13 წამით ადრე სამიანი ააცილა. ბურთი მასპინძლებმა მოხსნეს, ბოლომდე გააათამაშეს და
დასრულებამდე 2 წამით ადრე გიორგი დვალი „ჰიუნდაის“ ფარქვშ შეიჭრა. სტუმრებმა მას გზა
გადაუღობეს და დვალი იძულებული გახდა ბურთი მეტოქესთვის გადაევლო. რუსთაველთა გამთამაშებლის
ნასროლმა ჰიუნდაელთა კალათზე იხტუნავა, მაგრამ ბადეში არ ჩაეშვა და… მოედანი „ჰიუნდაის“
ქომაგებით აივსო – ნიკო ჩერქეზიშვილი, მისი გუნდი და მხარდამჭერები ჩემპიონობას ზეიმობდნენ!

ჩემპიონებს 23 ქულით და 10 მოხსნით კახა ტომარაზემ ულიდერა,
ხოლო სანდრო სანაძემ 17 ქულით გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. 9 ქულა ჰქონდა ლუკა
ზაქრაძემ, ხოლო ალექსანდრე ბოლქვაძემ პირად ანგარიშზე 8 ქულა ჩაიწერა. რუსთაველთა შორის
19 ქულით საუკეთესო ერეკლე ლორთქიფანიძე გახდა, 15 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა შოთა
ნარჩომაშვილმა, ხოლო ლევან ურიდიამ პირად ანგარიშზე 9 ქულა და 24 მოხსნა ჩაიწერა.
11 ქულით და 9 პასით დაასრულა შეხვედრა თორნიკე ქიტოშვილმა, ხოლო გიორგი დვალმა სეზონის
უკანასკნელ შეხვედრაში 5 ქულა დააგროვა.