ნაკრების რეკორდი

ნაკრების რეკორდი

საკალათბურთო აკადემიაში საინტერესოდ წარიმართა 18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები. მათ შორის აღსანიშნავია „აკადემია 2“-ისა და „ქუთაისის“ დაპირისპირება.

იმერულმა კლუბმა ინიციატივა პირველივე მეოთხედში მოიპოვა
და მეოთხედი 17:13 მოიგო, თუმცა ირაკლი ტომარაძის დამოძღვრილმა აკადემიელებმა თამაში
დაალაგეს და მეორე მეოთხედის 9 ქულით მოგების შემდეგ დიდი შესვენებისთვის 34:29 დაწინაურდნენ.

მესამე მეოთხედში მასპინძლების უპირატესობამ 10 ქულას
გადააჭარბა და თითქოს ქუთაისელები გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნენ, თუმცა სტუმრებმა
ერთხელ 12:0 გაქცევა მოაწყვეს, შემდეგ 7:0 და საბოლოოდ გამარჯვებაც მათ დარჩათ – 69:61.

ქუთაისის გუნდში 29 ქულითა და 9 მოხსნით დავით ქარციძე
გამოირჩა, 16 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა უჩა გამრეკლიძეს, ხოლო კიდევ ერთი ორმაგი დუბლი
უჩა ბირკაიამ მოაგროვა – 13 ქულა, 13 მოხსნა.

დამარცხებულთაგან 15 ქულა დააგროვა გიორგი თევდორაშვილმა,
ხოლო 11-11 ჰქონდათ ნიკა ცინცაძესა და თემურ პეტრიაშვილს.

16-წლამდელთა ნაკრებისა და „მართვე 3“-ის შეხვედრაში
რამდენიმე რეკორდი დაფიქსირდა. ნაკრებმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგი დაადიქსირა:
ყველაზე მეტი – 140 ქულა ჩააგდო და ყველაზე დიდი – 126 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.

16-წლამდელთა ნაკრები, რომელიც 18-წლამდელთა ჩემპიონატში
კონკურსგარეშედ, მხოლოდ  გამოცდილების მისაღებად
გამოდის, გამანადგურებელი მარცხი აგემა 2 წლით უფროსი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ
„მართვე 3“-ს: 140:14. გამოსარჩევია ასევე შემდეგი გარემოებები: პირველი მეოთხედი ნაკრების
წევრებმა 37:0 მოიგეს, მესამე ათწუთეულში კი 37:2 იმარჯვეს.

ნაკრების შემადგენლობაში სათამაშო დრო თითქმის ყველაზე
თანაბრად გადანაწილდა. საუკეთესო შედეგი – 25 ქულა გიგი გოგობერიშვილმა დააფიქსირა,
ორმაგი დუბლით კი ვასილ მჭედლიშვილი გამოირჩა: 15 ქულა, 13 მოხსნა. დამარცხებულთაგან
10 ქულა ჰქონდა ვლადიმერ გოგოსაშვილს, დანარჩენი 4 ქულა კი სანდრო ჯვარშეიშვილის ანგარიშზეა. 

მესამე შეხვედრაში „მარნეულმა“ 81:66 დაამარცხა „ჰიუნდაი
2“. ქვემოქართლელთაგან ყველაზე მეტი – 22 ქულა ირაკლი ჯანხოთელმა მოაგროვა, ორმაგი დუბლი
(20 ქულა, 11 მოხსნა) ჰქონდა გიორგი მინაძეს, ხოლო არჩილ შაორშაძემ 19 მოხსნით მატჩის
საუკეთესო მეფარე გახდა.
,,დინამოსა” და აკადემია 1-ის დაპირისპირებაში გამოკვეთილი ფავორიტი არ იყო. შეხვდრის განმავლობაში წინ ხან ერთი გუნდი გავიდოდა, ხან მეორე, თუმცა ყველაზე მეტად მაშინ დაიძაბა ვითარება, როცა მესამე პერიოდის ბოლოს, ტაბლოზე საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა – 48:48. მეოთხე მეოთხედის  მნიშვნელობა  ორივე გუნდის კალათბურთელებს კარგად ესმოდათ და ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა მიუხედავად ამისა, გადამწყვეტ მეოთხედში უპირატესობა აკადემიის გუნდმა მოიპოვა და შესაბამისად 74:68 მოიგო.
,,აკადემიის” რიგებში, ყველაზე მეტი, 40 ქულა, ბექა დარახველიძემ დააგროვა. ,,დინამოელთაგან” კი ორმაგი დუბლი ზეზვა ლილუაშვილმა (29ქულა, 10 პასი) და ოთარ ამონაშვილმა (12 ქულა, 15 მოხსნა) მიითვალეს.
 დასკვნითი მატჩი  შსს აკადემიასა და ნიკეას შორის შედგა. დასაწყისშივე  უპირატესობა აკადემიელებმა მოიპოვეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს სოლიდური უპირატესობით – 105:61.
გამარჯვებულთა რიგებში სამმაგი დუბლი შეასრულა ლევან გორდულაძემ – 15 ქულა,15 პასი,10 ჩაჭრა. ქულათა ყველაზე მაღალი მონაგარი გურამ კენჭიაშვილს ჰქონდა – 27, არჩილ პულუზაშვილმა კი 17 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.
,,ნიკეას” 18 ქულითა და 18 მოხსნით ვოვა ბულიგინმა ულიდერა.