ფედერაციასა და სპორტის მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფედერაციასა და სპორტის მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მისასალმებელ ტრადიციას ამკვიდრებს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. პერიოდულად, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე მოზარდები ქართული სპორტის დიდების მუზეუმს ესტუმრებიან. მუზეუმი მდებარეობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში და მასში თავმოყრილია სხვადასხვა დროს ქართველი სპორტსმენების მოგებული მედლები, თასები, სიგელები და ნაირგვარი ტიტულები.
   ქართული სპორტის მუზეუმი ფასდაუდებელ საგანძურს ინახავს. იქ ნახავთ სხვადასხვა სინჯის ოლიმპიურ მედლებს, მსოფლიო, ევროპის და საბჭოთა კავშირის თასებს.
      საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციასა და სპორტის მუზეუმს შორის გაფორმდა მემორანდუმი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.  დღესვე  მუზეუმს „მართვესა“ და „ბასტიონის“ საკალათბურთო სკოლების მოთამაშეები ეწვივნენ.

გიორგი ზაბახიძე, სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი:
    “ქართული სპორტის ისტორია ძალიან მდიდარია და სამწუხაროა, რომ მას არათუ ბავშვები, საფუძვლიანად ბევრი პროფესიონალი სპორტსმენიც არ იცნობს. არადა, წარსულის ცოდნის, გათვალისწინების და  დაფასების გარეშე  დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლებელია.    საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ მომავალი თაობის ახლებური მიმართულებით აღზრდა გადწყვიტა. ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძის გუნდი მოწოდებულია იმისკენ, რომ ფიზიკურ მომზადებასთან ერთად ახალგაზრდა კალათბურთელები ინტელექტუალურადაც მომწიფდნენ და არა მხოლოდ კალათბურთის მიმართულებით.
       მაქვს პატივი, ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის ეს პირველი ნაბიჯი განვახორციელო და დღეს, ქართული სპორტის მატიანე ახალგაზრდა კალათბურთელების პირველ ნაკადს გავაცნოთ.
        თუკი კარგი კალათბურთელი გინდა გამოხვიდე, მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეგიწყობს შენი ქვეყნის სპორტის ისტორიის ცოდნა. მისასალმებელია, რომ ეს ტრადიცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ამიერიდან სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტოში მდებრე ქართული სპორტის მუზეუმში სისტემატიურად ივლიან მოზარდი კალათბურთელები. ძალიან კარგი იქნება თუ ამ  სიახლეში აქტიურად ჩაერთვება  საკალათბურთო სკოლები, კლუბები. ჩვენ მათ ყველანაირად დავეხმარებით რომ თავიანთ მოსწავლეებს გააცნონ სპორტის ისტორია.
     იმედი გვაქვს, ეს წამოწყება ხელს შეუწყობს პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და წარმატებული კალათბურთელების, ზოგადად სპორტსმენების აღზრდას”.
ნანა მიქაძე: (ქართული სპორტის მუზეუმის დირქტორი): მოხარულნი ვართ, რომ კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან მემორანდუმი გავაფორმეთ და იმედია, მას სხვა ფედერაციებიც მიბაძავენ.  მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა გაეცნოს ქართული სპორტის ისტორიას, რომელიც ჯერ კიდევ  ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნიდან იწყება. მომავალში კალათბურის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად კიდევ უფრო მაშტაბურ ღონისძიებებს გავმართავთ და სხვადასხვა ასაკობრივი ლიგების მონაწილე ბავშვებს ვუმასპინძლებთ.

ფოტო:სამინისტროს პრეს-სამსახური