გალერეა სტატისტიკა
18-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი მეოთხედფინალებიდან
დაიწყო. გუნდები პლეი ოფის პირველ რაუნდში 2 მოგებამდე თამაშობენ. დღეს საკალათბურთო
აკადემიაში მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩები ორ წყვილში გაიმართა.
მატჩები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ.
„აკადემიამ“ „მგზავრები-არმიას“ 69 ქულით – 114:45 სძლია, ხოლო მეორე წყვილში დიდი
ბრძოლა გაიმართა. მართალია, მატჩი რუსთაველთა სოლიდური ლიდერობით დაიწყო, თუმცა სოხუმელებმა
მესამე პერიოდიდან თამაშში გარდატეხა შეიტანეს და დაწინაურდნენ კიდეც.
მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სოხუმელები 7 ქულით
იგებდნენ, თუმცა რუსთაველთა პრესინგმა გაამართლა. ირაკლი წიქარიშვილმა, გიგი გოგობერიშვილმა
და მისმა თამაგუნდელებმა ზედიზედ ჩაჭრეს ბურთები, რომლებიც სწრაფი კონტრშეტევებით ქულებად
აქციეს და ანგარიში გაათანაბრეს – 64:64. კიდევ ერთი ჩაჭრა და თორნიკე ალავერდაშვილმა
ზუსტი სამქულიანით რუსთაველები დააწინაურა – 67:64. მატჩიც ასე დასრულდა და „რუსთავმა“
სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვა. თუკი სერიის მეორე მატჩს 19 მაისს შინ მოიგებენ,
რუსთაველები ნახევარფინალში გავლენ.
რუსთაველებს 19 ქულით გიგი გოგობერიშვილმა ულიდერა,
ირაკლი წიქარიშვილმაც დიდი სამუშაო გასწია და პირად ანგარიშზე 17 ქულა და 21 მოხსნა
ჩაიწერა. „სოხუმში“ 19 ქულით ტატო ზუზაძე გამოირჩა, 14 ქულა და 22 მოხსნა კოტე ბიწაძის
ანგარიშზეა.
მეოთხედფინალური სერიის კიდევ 2 შეხვედრა 19 მაისს გაიმართება.